იყო და არა იყო რა
პატარა ვიყავი. ფეხი ავიდგი, მაგრამ ლაპარაკი მიჭირდა. ენას არ ვაჩერებდი, თუმცა ჩემი “ქართული “არავის ესმოდა. ვცხოვრობდით პლეხანოვზე, კინოთეატრ “ამირანის “გვერდით, პირველ სართულზე. ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, უყვარდათ ერთმანეთი, სიცოცხლე უხაროდათ და პირველ შვილს ხომ თავს ევლებოდნენ. დედაჩემის დაბადების დღე იყო. საზეიმო სუფრაზე ახლობლები მოიწვიეს. წარამარა, ირეკებოდა ზარი და იღებოდა კარები. დედა სუფრას აწყობდა, მამა სტუმრებს ეგებებოდა. უფროსები რომ არ შემეწუხებინა, ოთახში ქვაბები და თასები შემოიტანეს, რადგან უკეთესი გასართობი ჩემთვის არ არსებობდა. თუმცა ამჯერად არ გაუმართლათ. ზარის ხმაზე პირველი გავრბოდი კარისკენ და შემოსულ სტუმრებს ფეხებში ვებლანდებოდი. ბოლოს, როგორც იქნა, შეგროვდნენ და სუფრას შემოუსხდნენ. დედაც ჩამოჯდა სკამზე, მაგრამ უცებ აფორიაქდა, აშკარად იგრძნო, რომ იქაურობას რაღაც აკლდა, ძალიან მთავარი – ალბათ ჩემი ხმა… გვერდით ოთახში შეიხედა, არ ვიყავი, სამზარეულოშიც არ დავხვდი. ბოლოს ვაიო დაიძახა და დერეფანში გავარდა – სადარბაზოს კარი ღია იყო…იქვე ჩაიკეცა. მეზობელს დაუძახეს, დედაჩემისთვის რომ მიეხედა, და გარეთ გაცვივდნენ.
კვირა დღე იყო. პროსპექტზე მილეთის ხალხი ირეოდა. ბავშვის პოვნა აუხდენელ ოცნებას ჰგავდა. გამვლელები უღიმოდნენ პატარას, რომელიც არხეინად მიუყვებოდა ქუჩას, ცარიელ ჭიქაში კოვზს არაწკუნებდა და “კოპლი-კოპლიო ” გაიძახოდა, მაგრამ არავის აზრად არ მოსდიოდა, მარტო რომ იყო. მიბაჯბაჯებდა თავისთვის და პატარა ბიჭი რომ დაინახა, მკლავზე ჩამოეკიდა. ბიჭს დედა ახლდა, მაშინვე ხელში აიყვანა გოგო და მხარზე შეისვა, პატრონს რომ უკეთ დაენახა… კინოთეატრთან იდგნენ. ფილმზე აგვიანდებოდათ, მაგრამ გოგონას არავინ ეძებდა, ქალმა გოგო ძირს ჩამოსვა, პატარას ეს არ მოეწონა, ატირდა და ბიჭს ფეხებზე შემოეხვია, არ გამექცესო. ღმერთო, ეს რა დღეში ჩავარდიო, ჩაილაპარაკა ქალმა, მერე ბავშვებს ხელი ჩასჭიდა და წავიდა. დარბაზში ბნელოდა, ძლივს მიაგნეს თავისუფალ ადგილებს და დასხდნენ. ქალს არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხედავდა. საგონებელში ჩავარდნილი ნანობდა, ეს რა ვქენი, არ უნდა შემოვსულიყავი, ვაითუ გოგოს ეძებენ და აქ როგორ გვიპოვიანო… მერე ადგა, ბავშვებიც წამოაყენა და გარეთ გამოვიდნენ. ისევ დადგნენ ქუჩაში. ისევ ელოდნენ. ქალს ბავშვი ხელში ეჭირა, შვილი კი ქვემოდან ებუზღუნებოდა: ვინ არი ეს გოგო, რას გადაგვეკიდა, წავიდეს აქედანო…
ამასობაში ხელჩაქნეული სტუმრები ნელ-ნელა ბრუნდებოდნენ. დედას ეძინა. სასწრაფო იყო, ძლივს მოაბრუნეს, ნემსი გაუკეთესო, თქვა მეზობელმა. მამა არ ჩანდა. ისევ დარბოდა. შვილს ეძებდა. დაიქანცა. ფეხებს ძლივს დაათრევდა. ბოლოს მილიციაში წასვლა გადაწყვიტა, ნაბიჯს აუჩქარა და ვიღაც ბავშვიან ქალს დაეჯახა, ბოდიშის მოსახდელად რომ შემობრუნდა, შვილის თვალებს შეეფეთა… ყველაფერი ერთ წამში მოხდა – ქალს ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა, ჩაეხუტა და, თითქოს მოსაკლავად მოსდევენო, უცებ გაუჩინარდა.
გავიდა წლები. მამა აღარ იყო. შუაღამეზე გაიყვანეს სახლიდან და მერე აღარავის უნახავს. ბინიდან გამოგვასახლეს და ზემელზე ერთად ვცხოვრობდით მე, დედა და ბებია. დედა ხშირად იგონებდა ჩემი დაკარგვის ამბავს და ძალიან წუხდა, ის ქალი როგორ ვერ ვნახე, მამაშენმა რომ გადარია, მადლობას მაინც ვეტყოდიო. დაჭერების ტალღამ გადაიარა, მაგრამ შემზარავი ამბებით დასეტყვილ ხალხს ბოლოს ომიც წამოეწია. ათასობით ქართველი დაიღუპა, ათასობით ოჯახი უპატრონოდ დარჩა და გაუბედურდა. ცხოვრება გაუარესდა. დედას უკვე ორი სამსახური ჰქონდა, ხშირად სამუშაო შინ მოჰქონდა და დილით მაგიდაზე ჩამოძინებული მხვდებოდა.
არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ მართლა ასე იყო, წინათ ადამიანები სხვანაირები იყვნენ, მეგობრობაც იცოდნენ და მეზობლობაც. ერთმანეთს მხარში ედგნენ, ლუკმას უყოფდნენ და ცხოვრებას უიოლებდნენ. ასეთი მეგობარი იყო დედაჩემისთვის ქალბატონი ქეთევანი. ხშირად მოდიოდა ჩვენთან თავისი ქმარ- შვილით. სწორედ ეს ოჯახი დაპატიჟა დედამ სადილად, როცა რაჭიდან ლორი და ხვანჭკარა მოგვიკითხეს. კარგახანს ვისხედით სუფრასთან, ყვებოდნენ მთისა და ბარის ამბებს, ხალისობდნენ და ბოლოს ქეთევანმა ასეთი სადღეგრძელო შესთავაზა დედაჩემს: მოდი, კიდევ ერთხელ დავლოცოთ ერთმანეთი და ღმერთს შევევედროთ, გვაპატიოს, თუ რამ ცოდვა ჩაგვიდენიაო… მერე დაწვრილებით გვიამბო 12 წლის წინანდელი ამბავი, როგორ წააწყდა პლეხანოვზე პატარა გოგოს, რომელიც მშობლებს დაეკარგა, როგორ ამაოდ ელოდა მათ გამოჩენას და ბოლოს ვიღაც ავაზაკმა როგორ გამოსტაცა ხელიდან ბავშვი და გაიქცა. მე და დედაჩემი გაოცებული ვუსმენდით, მაგრამ ხმას არ ვიღებდით. ქეთევანი კი განაგრძობდა – ნეტავ იცოდეთ რა გადავიტანე, რა ლოდი მაწევს გულზე. დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ თავს, ეს როგორ მომივიდა, რამ დამაბნია, იმ გარეწარს ბავშვი როგორ გავატანე, რატომ არ ვიყვირე, რატომ არ დავედევნე….რა ვიცი, იქნებ მოკლა კიდეც და მე ცოდვიანი დავეხეტები ამ ქვეყანაზეო… აქ დედამ ვეღარ მოითმინა, ატირებული გადაეხვია ქეთევანს, ჩემკენ მოაბრუნა და უთხრა, ნუ დარდობ, ძვირფასო, აი ის გოგოო… ალბათ მეტყვით, ზღაპარიაო და იქნებ მართალიც იყოთ. ეს ამბავი წინა საუკუნეში მოხდა… ალბათ ასე უნდა დამეწყო – იყო და არა იყო რა… იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი თქვენი მწყალობელი… იყო ერთი პატარა გოგო…
კომენტარები