ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებული კრიზისის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სიტუაციის განმუხტვასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების გაცნობას აპირებს. ოპოზიციის მთავარი გზავნილები კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები იქნება.
“პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება მიგვაჩნია, რომ არის ის ნაბიჯი, რაც გახსნის გზას დიალოგისთვის. ეს ქვეყანა, შესაძლოა, გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან მხოლოდ სამართლიანი და დემოკრატიული ვადამდელი არჩევნების გზით. როგორ მივიდეთ ამ არჩვენებამდე, ამაზე გვსურს საუბარი ბატონ მიშელთან,” – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი.
“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები მკაფიო იქნება.
“რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციასაც მოუწოდებენ კონსტრუქციულობისკენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა არის პოლარიზება. გზავნილები როცა ეხება პოლიტიკურ კრიზისს, პირველ რიგში, ეხება ხელისუფლებას. ამ ნაბიჯით, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებას მოჰყვა, ბუნებრივია, ხელისუფლებამ ჩაკეტა გზა ნორმალური მოლაპარაკებისთვის,”- განაცხადა გიგი წერეთელმა.
მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას აცხადებენ “სტრატეგია აღმაშენებელშიც“. სერგო ჩიხლაძის თქმით, შარლ მიშელთან მათ თხოვნა ექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ მან იშუამდგომლოს ხელისუფლებასთან, რათა სიტუაციის დეესკალაციისთვის მმართველმა ძალამაც გადმოდგას შესაბამისი ნაბიჯები.
კომენტარები