“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.
ბაბუა
რუსებმა, ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, კავკასიის ქვეყნებს შეუტიეს. დედაჩემის მამა – ბაბუაჩემი,რომელსაც ოჯახში შემორჩენილი ერთადერთი სურათით ვიცნობდი, ლამაზი, წარმოსადეგი მამაკაცი – ცისფერთვალა გრიგოლ დოლიძე იყო. ბაქოში ხალიჩების მაღაზიები ჰქონია და ამით არჩენდა ოზურგეთში ოჯახსა და გაჭირვებულ სანათესაოს.
რევოლუციამ ” შეანათა” თუარა ბაქოში, პირველ მსხვერპლთა შორის ჩემი ბაბუა აღმოჩნდა – მაღაზიები წაართვეს, ქონება გაუჩანაგეს და ციხეში უკრეს თავი. ერთ დღეს ხმა გავარდა, პატიმრები მატარებლით მიჰყავთ, უნდა გააციმბირონო. სადგურზე დიდძალი ხალხი შეიკრიბა, თავისიანებისთვის რომ მოეკრათ თვალი. ამ დროს ბაბუაჩემმა, რომელსაც ჩოხა – ახალუხი ეცვა, ვერცხლის ქამარ- ხანჯალი შემოიხსნა, ხალხში ისროლა და დაიყვირა: მე ქართველი ვარ, გრიგოლ დოლიძე, ჩემ ცოლ- შვილს წაუღეთ ოზურგეთშიო!
ერთ კვირაში მიიღო მარო ბებომ ქმრის უკანასკნელი “საჩუქარი”… უცნობი მამაკაცი რაღაცას უხსნიდა უცხო ენაზე მაგრამ არ ესმოდა …გაფითრებული იდგა კედელთან და ბავშვივით სლუკუნებდა…
მოგვიანებით შეიტყვეს, რომ გრიგოლ დოლიძე იმავე დღეს, ბაქოს მახლობლად, ტრიალ მინდორზე დაუხვრეტიათ სხვა პატიმრებთან ერთად…
კომენტარები