News. ge აქვეყნებს ჩანახატს, რომელსაც მწერალი და მეცნიერი, როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
ერთი, უსათუოდ ერთი
(დღიურის ფურცლებიდან)
70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის მომხრენი რომ შეებმოდნენ ერთმანეთს. ეს არ ყოფილა დავა მხოლოდ იმაზე, თუ რომელი რომელს სჯობდა, არამედ – ერთ-ერთის სრულ დამცირებას ისახავდნენ მიზნად, თითქოს არ შეიძლებოდა, რომ ორივეს გვერდი-გვერდ შეექმნა სპექტაკლები და შენთვის რომლის დადგმებიც უფრო მახლობელი აღმოჩნდებოდა, იქიდან უფრო აღტაცებული წამოსულიყავი.
მაინცდამაინც აქ უნდა ეტრიალა ვნებათაღელვას, ამ გზაბილიკზე – ვინ ვის!..
შინ რომ დაბრუნდებოდი გაოცებული, მამას არ გაუკვირდებოდა:
– ასეა და რას იზამ, ასე მგონია ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ნიშნადაც ჩამოყალიბდა, ორს, მითუმეტეს – რამდენიმეს, რომ არ ჰგუობ და აუცილებლად ერთი, ერთადერთი უნდა გყავდეს. გავეშებული კამათი კი არა, ხელჩართულ ჩხუბამდე მიდიოდა საქმე. კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის მომხრენი რომ შეჰყვებოდნენ დავას. ასე იყო: მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას შორის რომ არჩევდნენ უკეთესსა და იმ ერთადერთს, ანდა კორნელი კეკელიძესა და პავლე ინგოროყვას შორის. ხელჩართული ჩხუბი კი არა, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მომხრენი სულაც ხანჯლებით მიიწევდნენ ერთმანეთზე. ეს ყველაფერი გასაგებია, პოლიტიკაა, ხელოვნებაა და ბევრი ადამიანი ერკვევა მეტ-ნაკლებად, ყოველ შემთხვევაში, ჰგონია, რომ ერკვევა, მაგრამ ილია ვეკუასა და ნიკო მუსხელიშვილის მომხრეები რომ დაერეოდნენ ხოლმე ერთმანეთს, ნეტა იმათგან ვის გაეგებოდა უმაღლესი მათემატიკა, სულ ინტეგრალებში ჩაფლულიყვნენ, როგორ არა.
– როგორ, ვეკუასა და მუსხელიშვილს შორისაც ერთ-ერთი უნდა დაეკნინებინათ?
– აბა?!. და გგონია ის შეხლა-შემოხლა რაიმეთი ჩამოუვარდებოდა მარჯანიშვილისა და ახმეტელის მომხრეთა შეტაკებებს?!.
ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის კამათი საბანკო-საფინანსო საკითხებს არ გასცილდებოდა, მთელი საზოგადოება რომ არ ჩარეულიყო ამ – თავდაპირველად სრულიად უმტკივნეულო – დავაში და მომხრეთა ჯგუფებად და დასებად არ დაყოფილიყო, თანდათან მთელ თბილისსაც რომ მოედებოდა და საქართველოსაც გადაწვდებოდა ეს განწყობილება.
რაღა სამოქალაქო ომი და რაღა ის დაპირისპირება, დამღუპველი რომ აღმოჩნდებოდა ერთისთვისაც და მეორისთვისაც.
ბანკობიადა, შვიდწლიან ომადაც რომ შეფასდებოდა ისტორიის მიერ, ყველასათვის სახილველია უამრავი დოკუმენტური მასალის წყალობით – პოლემიკური სტატიები იქნება, მემუარები თუ კერძო წერილები, შემდგომი შეხლა-შემოხლანი კი უფრო მიბინარებულია და შესაძლოა აქა-იქ იჩინოს თავი, მასშტაბით რომ ჩამოუვარდებოდა ბანკობიადას, თორემ სიმძაფრითა და გავეშებით არცთუ მაინცდამაინც.
დადგენით ვერა დაედგინათ რა.
ეგაა – მრისხანება და გაბოროტება ძლიერდებოდა და ენერგიაც ასე ფუჭად და უაზროდ იფლანგებოდა.
ორი და მეტი არ შეიძლებოდა, არაფრისდიდებით არ შეიძლებოდა, მხოლოდ ერთი, ერთადერთი.
იქნებ მართლაც ჩვენი ხასიათის განუყრელ ნიშნად ჩამოყალიბებულიყო დაპირისპირების ეს ჟინი, ვერაფერი რომ ვეღარ აკავებდა!..
თორემ ილია ვეკუასა და ნიკო მუსხელიშვილს შორის აუცილებლად ერთ-ერთის არჩევის გამო მაინც რატომ უნდა დაესისხლიანებინათ ერთმანეთისათვის თავპირი?!.
ნეტა რა გიბიძგებს, ნეტა რა გაქეზებს და გიყოლიებს, ნეტა რას ეძებ და რას გამოელი?..
კომენტარები