“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.
სურვილების მესაფლავე
ბავშვობაში დღიური არ მქონია და, თუმცა პროფესიად ლიტერატორობა ავირჩიე, წერის სურვილი არ გამჩენია. მხოლოდ მოგვიანებით, როცა ცხოვრების დიდი ნაწილი უკან ჩამოვიტოვე, მოგონებები აზვირთებული ტალღებივით გადმომეღვარა თავზე. ნეტავ რა გამოვა- მეთქი, ვიფიქრე და დავიწყე წერა…სამი- ოთხი ჩანახატის შემდეგ ამეკვიატა აზრი, რომ მე ამ ამბავს ვერ მოვერეოდი. მაგიდას, რომელზედაც საწერი ფურცლები და კალმისტრები ეწყო, ახლოს არ ვეკარებოდი. ერთი კვირის შემდეგ ავწრიალდი, თითქოს ვიღაც მომეპარა, ქეჩოში წამავლო ხელი და მაგიდასთან დამსვა. სხვა რა გზა იყო, ფურცელზე უნდა “გადმომებერტყა” გონებაში დაგროვილი ” მარგალიტები”…
დილით, გათენდა თუ არა, თვალის გახელა ვერ მოვასწარი, წუხანდელი ფიქრები ჩასაფრებულივით გამომეცხადნენ. უკვე მერამდენედ მემართება ასე, როგორც კი სათქმელი ყელში მომებჯინება, მნიშვნელობა არა აქვს მომწონს თუ არა, სასწრაფოდ ქაღალდზე უნდა გადავიტანო და ცოტა ხანში მგონია, რომ წონაში დავიკელი, ავმსუბუქდი და თეთრ, ქუნქულა ღრუბელზე ვწევარ. მერე ზურგში, ხერეხემლის მალებს შორის, რაღაც გაფაჩუნდება, უცებ წამოიზლაზნება ვერაგი ეჭვი და იქვე იბადება შეკითხვაც: რატომ ვერ ვეტევი ჩემ კანში და რატომ არ ვზივარ სადმე, კუთხეში, თუნდაც ჩამქრალი ბუხრის წინ, რით ვერ შევიფერე ასაკი, ვერ ჩავეწერე მხცოვანთა დარბაისლურ სიმყუდროვეში, ან რად არ ვდგევარ საიქიოს კარიბჭესთან, ხელჩაქნეულ მოხუცთა. შორის…ასეა მუდამ, როცა სათქმელი ყელში. მებჯინება… წლები გარბიან და წლებთან ერთად ვკარგავთ ახლობლებს. მთელი ცხოვრება გავურბოდი ჩხუბსა და აყალმაყალს, უტიფრებს კი მშვიდობიანად
და უმტკივნეულოდ – “ნელი ტანგოთი ” ვემშვიდობებოდი. აქ მთავარი მოთმინებაა და მოთმინება ერთგვარი თავდაცვაა, წყნარი საუბარი – ჯანის
სიმრთელე. ზოგჯერ ადამიანები თვითომ მტრობენ საკუთარ თავს და არ გაცლიან, უფრო რომ შეიყვარო. დასვამ ტახტზე, მოეფერები – გადმოგორდება, კიდევ დასვამ, კიდევ გადმოგორდება და კოტრიალობს ასე, ვიდრე საბოლოოდ არ განუდგები… ამაზეა ნათქვამი – ყვავი რომ ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონიაო…
სიბერე, ბევრ სხვა “სიკეთესთან ” ერთად, სურვილების მესაფლავეცაა, თუმცა ჭკვიანი მოხუცები ამ თემაზე არ საუბრობენ. ერთი სურვილი ამოძრავებთ –იპოვონ მოსაუბრე – ღვთისნიერი ადამიანი, ვინც მათ მოუსმენს. და იმ წუთებში ძალიან ბედნიერები არიან. ვინ იცის, იქნებ ამის ბრალია, საუბარს დანატრული მოხუცები ქუჩაში თავის თავს რომ ელაპარაკებიან და ზოგჯერ ეჩხუბებიან კიდეც…
ერთი მეგობარი მყავდა, ვერ იტანდა მძიმე, დრამატული ამბების მოსმენას. დავიწყებდი თუ არა მოყოლას, იმწამსვე მაჩერებდა, არ მინდა, ნუ მიყვები, არ შემიძლიაო. სწავლა სიბერემდეო, ამბობენ და ბოლოს მე უსიამოვნო ლაპარაკს კი არა, უსიამოვნო ფიქრებსაც კი გადავეჩვიე. პატარა სატკივარს იოლად ვუმკლავდები, ნერვებს არ ვიშლი, რთულ პრობლემებს კი კარგახანია ჩამომაშორეს. მადლობა უფალს, ეს “თავის ტკივილი” ჩემმა შვილებმა გადაიბარეს. მე დამკვირვებლის როლით დავკმაყოფილდი. ნაოჭებით, თეთრი თმით თუ მელოტი თავით “დამშვენებული” სიბერე შემპარავად მოიწევს ჩვენკენ – ჯოხით თუ უჯოხოდ, ეტლით თუ უეტლოდ და ეტრფის თავისუფლებას! აი, რა არის სიბერის მთავარი ხიბლი.
აბა, ამას რა სჯობია, დაჯექი შენთვის, ღიმილით უყურე ცხოვრებას და სრული ნეტარებისთვის ჩუმად იყავი, ნაკლები შეკითხვები დასვი. შეეგუე იმას, რომ მთავარ როლში აღარა ხარ, არც შინ და არც გარეთ, მასობრივი სცენების “ვარსკვლავი” გახდი. ამას წარამარა გახსენებენ, მაგრამ სიბერეს მაინც არ იმჩნევ, წელში გამართული, გაჯგიმული დადიხარ და შენიანებს გული უსკდებათ, ფეხი არ წამოკრას რამეს და კისერი არ მოიტეხოსო. ამიტომაც გამოვიპარე სახლიდან. მარტო ვსეირნობ. ჩემს უკან ორი ბიჭი მოდის. ხმამაღლა კამათობენ: არა, არა, ძმაო, არ გეთანხმები, ნახე რა მაგარია –
” შენ რას წაიღებ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია რაო…”- მერე შენ რა მოგწონს,
ბიჭო, შე საცოდავო, ეგ იცი რას ნიშნავს? – “ რა ჩანჩურაც აქ იყავი, იქაც ეგეთი იქნებიო…” და ჩაიარეს…
უცებ შევჩერდი, ცოტა ხნით ხეს მივეყუდე და გზა გავაგრძელე…
კომენტარები