ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს.
მმართველი გუნდის ოპონენტები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებენ, ეს რუსული დაკვეთის შესრულება იქნება.
მათი შეფასებით, მელიას დაკავება არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს და პროცესებს ჩიხში შეიყვანს.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ის შეასრულებს რუსეთის დაკვეთას.
“ის რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხდება არის უკანონობის ჩადენა კანონის სახელით. ეს ყველაზე საშიში დანაშაულია, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ ჩაიდინოს. დიდი იმედი მაქვს არ გააღრმავებენ იმ სირცხვილს, რომელიც შარშან ყველას გვაჭამესგავრილოვის ჩამოყვანით,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ ნიკა მელია ლოგიკით მოქმედებს, მაშინ, როდესაც ხელისუფლება “უკანონობის კანონად ქცევას ცდილობს”.
“ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ პროცესების რადიკალიზება არ მოხდეს” – აღნიშნავს “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.
სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, “გირჩშიც” ფიქრობენ, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია.
“იმედი მაქვს “ქართული ოცნება” არ დაამძიმებს სიტუაციას და ნიკა მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნის. საქმე სრულიად პოლიტიკურია და არ მგონია რომ აქ რაიმე იურიდიულ დეტალებს საერთოდ რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს,” – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
კომენტარები