მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც კლასის დამრიგებლები ვართ და არც რაღაც კლუბი გვაქვს; კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ დღეს „ლელო საქართველოს” ოფისში შეკრების მიზეზზე საუბრისას განმარტა, დღეს მათთან ის პოლიტიკური პარტიები იყვნენ შეკრებილი, ვისაც პარლამენტის მანდატებზე უარი აქვთ ნათქვამი და ამის შესახებ განცხადებები აქვთ დაწერილი.
„ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც დაწერა მანდატების გაუქმებაზე განცხადება. „გირჩს“ არ აქვს დაწერილი განცხადება მანდატების გაუქმებაზე და სწორედ ერთ-ერთი ეს საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები. მე მათი მჯერა, როცა ისინი ამბობენ, რომ არ შევლენ პარლამენტში. სხვა იქ არაფერი განხილულა. მოვისმინე, რომ ვიღაცამ გარიცხა, თუ გამორიცხა, რა სისულელეა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც სკოლის კლასის დამრიგებლები ვართ და არც რაღაც კლუბი გვაქვს. კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო, თორემ კიდევ ვიმეორებ, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ხედვა გვაქვს უამრავ საკითხზე. ამიტომ იქ არც უფროსია, არც სკოლის და კლასის დამრიგებელი, არც არავის რიცხავენ და არც არავის იღებენ. ყველა პარტია იღებს დამოუკიდებლად თავის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, დღეს ის პარტიები ვიყავით შეკრებილი, ვინც განცხადება დაწერა მანდატების გაუქმებაზე და ვისზეც იყო გაკეთებული განცხადება, რომ 2-ში მათ გაუუქმებენ მანდატებს. კიდევ ერთხელ ვუთხარით ერთმანეთს, რომ კი, ისევ იმ პოზიციაზე ვდგავართ, არაფერი შეცვლილა, ვართ პრინციპულები, რადგან ამის დათმობა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ რამდენიმე წლით გადაიწევს უკან“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კომენტარები