ჯანდაცვის ექსპერტი, „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გახანგრძლივებას არ ემხრობა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ჩაკეტვის საჭიროება საქართველოში საერთოდ არ იყო და ის დახმარების პაკეტი, რომელსაც ხელისუფლება მოქალაქეებს სთავაზობს, საკმარისი არაა.
„როგორც ვატყობ, არ აპირებენ ეკონომიკის გახსნას 16 იანვრიდანაც. 1 200 ლარი კარგად ჟღერს, ოღონდ ესაა 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარი. ძალიან მაინტერესებს, პარლამენტარები, რომ არიან, ბევრს რომ საუბრობენ, რომ საქართველოში შიმშილი არაა, იცხოვრონ 200 ლარით და ნახონ რა შეიძლება ამით იყიდო. 1 200 ლარი კარგად ჟღერს, მაგრამ ამ ფულის მსყიდველობითუნარიანობა ყოველდღიურად ვარდება, ამიტომ ეს 200 ლარი არაფერია.
ამ ტიპის ჩაკეტვის საჭიროება საქართველოში საერთოდ არ იყო. კარგად რომ გვემართა ეპიდვითარება, საშუალება გვქონდა, რომ ასეთი ჩაკეტვები არ ყოფილიყო. 24 დეკემბერს რომ გაიხსნა, ბიზნესმა კარგად აჩვენა, რომ შეუძლია რიგების მართვა. იყო პატარა ხარვეზები, მაგრამ ამას სჭირდება კონტროლი. სიტუაცია ჩაკეტვით ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ამ გაუმჯობესების მიღწევა ჩაკეტვის გარეშეც შეიძლებოდა“,-აღნიშნა მან.
ცნობისთვის, როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო და მოქალაქეები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200 ლარს მიიღებენ.
კომენტარები