ანრიმ თუ მოგვიწოდა, შევვარდებით თავით , – ასე პასუხობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ანრი ოხანაშვილის მოწოდებას, რომლის თანახმადაც ოპოზიცია უშუალოდ ჩაერთოს ამნისტიის პროექტის განხილვაში.
როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ისევ ჩიხშია და არაფერი შეცვლილა.
„ამ წუთის მდგომარეობით, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ჯერჯერობით ჩიხია, ისევე როგორც ჩიხია ვადამდელ არჩევნებთან და პლებისციტთან მიმართებაში და არანაირი ალტერნატიული ვერსია არ დევს. ერთადერთი პუნქტი, რომელზეც „ოცნება“ მოდიოდა ბოლო მოლაპარაკების მაგიდაზე, იყო საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის და ეგეთი რაღაცების ცვლილება. საარჩევნო სისტემასთან მიმართებითაც კი, რაც ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია იყო, იმაზეც არ მოდიოდნენ. ამიტომ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ჩემთვის და არც არავისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონის ინიცირებას, ჯაფარიძის შეფასებით, ეს ცუდი არ არის, „რადგან უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში“.
„ამნისტიის განხორციელება ზოგადად ცუდი ამბავი არ არის. ციხეში ზის უამრავი ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია და სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მან რამე დაუშავა. მაგალითად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პატიმრების ერთი მესამედი ზის, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია და უბრალოდ არიან ციხეში გამოკეტილები და ყველა გამოსაშვებია. მაგ მუხლებს თუ შეეხება ამნისტია და ეს ხალხი გარეთ გამოვა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ბოდიშსაც თუ მოუხდიან კიდევ უფრო კარგი იქნება“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ამ კანონის ინიცირებით იმ ადამიანების გათავისუფლებას ცდილობს, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს, ჯაფარიძე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე არ განხილულა.
„ვერსია, რომ ეგ ეგრე მომხდარიყო, არ განხილულა მოლაპარაკებების მაგიდაზე და წარმოდგენა არ მაქვს. ტელევიზიიდან გავიგე, რომ ეგეთი ინიციატივაა, რაღაც მუხლებს ეხება და ამ მუხლებში არ მოიაზრება ის მუხლები, რომლითაც ეს ხალხი ზის და არიან პოლიტპატიმრები. რატომ უნდა ვივარაუდო, რომ „ოცნება“ ასე მიგვანიშნებს, რომ თუ ჩვენ ბოიკოტს მოვხსნით, პარლამენტში შევალთ და მერე განხილვის პროცესში ისინი ამ მუხლებს ჩაამატებენ და ამ ხალხს გამოუშვებენ? როდის ან რითი დაიმსახურეს ეს ნდობა?“- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, ”შებრძანდნენ პარლამენტში და ჩაერთონ უშუალოდ ამნისტიის პროექტის განხილვაში”.
კომენტარები