სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა.
როგორც ვაშაძემ ფასილიტატორებთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს.
„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭრილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიცური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დააყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩემი ამოცანაა, რომ მოსახლეობის ის 30%, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა, ყველა უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოვებული წრიდან გამოვიდეთ. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ სხვის რიტორიკაზე, ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება. მე მინდა ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და თქვენ გინდათ მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები. იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება ოპოზიციაში განხეთქილებას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. ჰკითეთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გააკეთა იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანება. ასეთი ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან. ყველა საკითხზე ან შევთანხმდებით სულ ყველა ერთად ან ვერ შევთანხმდებით, მორჩა და დამთავრდა!“- განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები