პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარტია “გირჩში“ განვითარებული მოვლენები საინტერესო პროცესია, მაგრამ არა ტრაგიკული.
როგორც საყვარელიძემ განაცხადა, მისი ვარაუდით, “გირჩიდან“ გარიყული სამი წევრი სანდრო რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში შევა.
“თავისთავად საინტერესო პროცესია, მაგრამ არა ტრაგიკული, რადგან პარტიები ცოცხალი ორგანიზმები არიან და სწორედ სიცოცხლის ნიშანია, როცა განსხვავებული აზრი ჩნდება. თუ ეს განსხვავებული აზრი პარლამენტში შესვლას ეხება, მით უფრო მისასალმებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შევა, არ არის დაშტამპული თავისი პოლიტიკური გუნდის და ოპოზიციური გუნდის მიერ და დამოუკიდებლად აზროვნებს. ვფიქრობ, დამოუკიდებლად აზროვნების ნიშნით სანდრო რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია აღმოჩნდებიან პარლამენტში. ყოველი შემთხვევისთვის მთლიანი ოპოზიციის მიმართ მათ ის ვალდებულებები არ აქვთ, რაც ზურაბ ჯაფარიძეს.
სხვა პარტიებში ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, რადგან არ ვარ ჩაფლული პარტიების ცხოვრებაში, მაგრამ ვხედავ ლოგიკას. ძალიან არალოგიკურია ეს ბოიკოტი, რაც მთლიან ოპოზიციას აქვს აღებული კურსად. ამ დროს არიან ახალგაზრდები ყველა პარტიაში, რომელთაც როგორც იტყვიან, სისხლი უდუღთ და უნდათ პოლიტიკური ასპარეზი. ასეთი ასპარეზი კი პარლამენტია. ქუჩა ასპარეზი ნამდვილად არ არის. თუკი ეს ახალგზარდები აირჩევენ პარლამენტში შესვლის გზას, ცხოვრება დაიწყება და ქართულ პოლიტიკას ექნება განახლების რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული პოლიტიკა დარჩება ისეთი, როგორიც არის“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძე ამბობს, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე განცხადებები წარსულშიც გააკეთეს, თუმცა, ახლა მათი პოზიცია ასეთივე მყარი აღარ არის, მიხეილ სააკაშვილის გავლენების ქვეშ მოექცნენ.
“მოვლენები გვიჩვენებს, რომ ეს ასეა. ოპოზიციის მთლიანობას აღებული აქვს კურსი იმისკენ, რომ შერისხონ ყველა, ვინც მათ მიერ არჩეულ გზას გადაუხვევს. ეს გზა შეიძლება უფსკრული იყოს, ოღონდ მთავარია ერთად გადავარდნენ ამ უფსკრულში. მთელი უბედურება ისაა, რომ ქართული პოლიტიკის სათავეში მოიწევენ საკმაოდ სუსტი პიროვნებები, მათ შორის პარტიების ლიდერები. სისუსტეა, როდესაც სხვების შეძახილით მოქმედებ, როდესაც საკუთარი ინტერესით არ მოქმედებ. ამას კომფორმიზმი ჰქვია ფსიქოლოგების ენაზე და არ არის პოლიტიკოსისთვის საუკეთესო თვისება. კომფორმიზმი ყველაზე ნაკლებად ესადაგება პოლიტიკოსის როლს და ფუნქციებს, თუ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ახლა, მერე მოახერხებენ? – რა თქმა უნდა, ვერა. არადა, პარლამენტში პოლიტიკოსი რჩება იმიტომ, რომ მას აქვს გადაწყვეტილების უნარი.
სავარაუდოა, რომ ოპოზიცია ისევ და ისევ კიევის და მიხეილ სააკაშვილის შეძახილით მოქმედებს, მისი დაქადნებით, რომ ვინც ამ გზას არ დაადგება, ის მოღალატედ, ივანიშვილის ჯიბის ბიჭად გამოცხადდება. თავისთავად რას ნიშნავს, რომ არ „გაუპრავებენ“ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს? – მთელმა მსოფლიომ მიიღო ეს არჩევნები. ვის „უპრავებენ? -დასავლეთის წინაშე ამათ ნაბიჯებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საკუთარ მოსახლეობაში პროცენტების მიმართება მაინც ისეთი იქნება, რაც იყო. ვისთვის აკეთებენ ამ სპექტაკლს? ვინ არის მისი მაყურებელი და დამფასებელი? დასავლეთისგან რომ გამომჟღავნებულიყო სადმე მაინც ასეთი პოზიცია, რომ თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაშინ ჩვენც ეჭვს შევიტანთ არჩევნების შედეგებშიო, მაშინ იქნებოდა რაღაც ლოგიკა მათ საქციელში, მაგრამ დასავლეთი არ აპირებს ამათი პროტესტის საფუძველზე ეჭვის შეტენას, რადგან ოპოზიცია თავიანთ პროტესტს სასამართლო დადგენილებით ვერ უზრუნველყოფს. გამოდის, რომ ახლა თავისთვის მავნებლად ჭირვეული ბავშვივით იქცევა ოპოზიცია. გახარიამ ხომ თქვა „გაგაქრობთო“ და ესენიც ქრებიან. უკეთეს შესრულებას გახარიას ნათქვამისას ესენი ვერ მოახერხებდნენ. ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, უკვე თვითონაც ვერ გაუგიათ, მთავარია, წყალი დაასხან, სად დაესხმება ეს წყალი, მაგის არც აზრზე არიან და არც აინტერესებთ“, – განაცხადა საყვარელიძემ.
“გირჩში“ განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა “პალიტრანიუსის ნიუსრუმში განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებენ.
“გირჩში“ განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა. პარტიიდან გარიცხავენ ვინმეს თუ დატოვებენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, სიის ჩახსნას აპირებენ თუ არა, ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მანდატი, სიიდანაც რომ ჩახსნან, მაინც დეპუტატები იქნებიან და მათ ყველამ ინდივიდუალურად უნდა დაწეროს განცხადება პარლამენტში არშესვლის და უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. როგორც ჩანს, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ უფლებამოსილების მოხსნას და აპირებენ პარლამენტში შესვლას“ , – განაცხადა ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სხვა პარტიებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და ამით “ქართული ოცნება” შეეცდება პარლამენტი მრავალპარტიულად ჩათვალოს.
“მე არ მგონია, რომ მათმა შესვლამ პარლამენტში საერთო სურათი შეცვალოს… არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პარტიებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და თუ ასეთი 7 კაცი მაინც იქნება, ალბათ, რაღაც გაერთიანებას გააკეთებენ და “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ ჩათვალოს პარლამენტი მრავალპარტიულად… სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური სპექტრი დიდი პრინციპულობით არ გამოირჩევა და ყველა დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც მისთვის მისაღებია”, – განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, “გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო
კომენტარები