„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმეების განახლება პირდაპირი წნეხია და ემსახურება იმ მიზანს, რომ პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედება მოახდინონ. აღნიშნულის შესახებ ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა.
„გუშინ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერს დაურეკეს უცებ, ერთდროულად, ერთ დღეს გაახსენდათ, რომ მათი სასამართლო სხდომები განახლდება. ეს უკვე პირდაპირი წნეხია. შეიძლება 10 დღის მერე გააკეთო ეს ყველაფერი, თუ ასეთი აუცილებლობაა, მაგრამ ეს არის პირდაპირი წნეხი იმისათვის, რომ პოლიტიკურ პარტიებზე განახორციელონ ზემოქმედება.
მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც მიმაჩნია, რომ არის სწორი. სწორად დგომა დღეს არის ის, რომ ის მახინჯი სისტემა, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული, გადავტეხოთ. ჩვენ ვართ ერთპიროვნულ მმართველობაში, ყველა ინსტიტუცია არის მისაკუთრებული, არათუ დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ვლაპარაკობ, არამედ სასამართლო სისტემაზე, პროკურატურაზე, ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ არის მისაკუთრებული და სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა იქცა არათუ რამის შემქმნელ და პოზიტივის დღის წესრიგის შემქმნელ ქვეყნად, არამედ მაჩანჩალა, ჭაობში ჩაძირულ და უპერსპექტივო ქვეყნად,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ვინც მიცნობდა, იცის ჩემი პოზიციები, ვინც არ მიცნობდა და ვერ მოასწრო ჩემი გაცნობა და ბადრი ჯაფარიძის გაცნობა, მგონი დარწმუნდა იმაში, რომ პოლიტიკაში არ მოვსულვართ იმისთვის, რომ ან საკუთარი თავი დაგვეცვა, ან რაღაც სხვა ამბიცია გვქონოდა. აქ ერთადერთი მიზანია – ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა ამ ეკონომიკური მდგომარეობიდან, ამიტომ მოვედით პოლიტიკაში, თორემ ვიქნებოდით გვერდიდან მაყურებელი, რაც არასდროს გაგვიკეთებია. ამიტომ ის გზავნილი, რაც სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ იქნა გაჟღერებული, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს მიმართაც იგივე მეთოდი გამოიყენონ და ხვალ და ზეგ დაგვიბარონ. ძალიან წყნარად შევხვდებით ამას,“ – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ჩაინიშნა.
კომენტარები