ჩვენ გვყავს უკიდურესად არაადეკვატური ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უკუღმა აკეთებს და სიტუაციის დარეგულირების და დასტაბილურების ნაცვლად, კონფრონტაციას აღვივებს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, არსებობს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი და უნდობლობა 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ, რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო ხელისუფლება ეჭვების გაქარწყლების ნაცვლად, საზოგადოებას ეუბნება, რომ ფეხებზე ჰკიდია, მოიგო მან და არაფერს არ გადახედავს. ზურაბიშვილის შეფასებით, როცა მოქალაქეს ასე ელაპარაკები, სრულიად არარადიკალური განწყობის რომ იყოს, რადიკალურად განაწყობ.
“აქ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანაბარ პასუხისმგებლობაზე საუბარი საერთოდ არ შეიძლება. თავიდან ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ არ ვიყავი ოპოზიციის ასეთი კატეგორიული განცხადების მომხრე, როცა არჩევნების მეორე დღეს გამოაცხადეს, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, თუმცა ახლა არის სიტუაცია, როცა ჩვეულებრივი პროტესტი, რომელიც კანონის და კონსტიტიციის ფარგლებში იჯდა, დაარბიეს. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვიც არ ეპარება, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, ეძებდეს გზებს, დაელაპარაკოს ოპოზიციას, გადახედოს და გადათვალოს არჩევნების შედეგები, რეალურად განიხილოს საჩივრები და არჩევნები უფრო ლეგიტიმური გახადოს, არანაირ გადასიჯვას და გადამოწმებას არ მიმართავს. ეს პირდაპირი დასტურია, რომ რაღაც მიქარული აქვთ! ის რაც გუშინ ჩაიდინეს, როცა ცესკოსთან 40-50 კაცი იყო მისული და მათ შუა პანდემიის დროს წყლის ჭავლი მიუშვეს, სხვა არაფერია, თუ არა არაადეკვატურობა. პრობლემა არის ხელისუფლებაში, რომელიც ცდილობს არ შეიმჩნიოს პროტესტი და ჩაახშოს ის. საერთოდ, როდესაც საზოგადოებაში ასეთი რაღაცები ხდება, პრობლემა ყოველთვის ხელისუფლებაშია, რადგან მისი ნაბიჯები უნდა იყოს ადეკვატური, მიმართული სიტუაციის დარეგულირებისა და დასტაბილურებისკენ და არა გამწვავებისკენ, სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და მტრის ხატის ძერწვისკენ. ყველაფერს უკუღმა აკეთებენ!“
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ვინც ყველაზე მეტად უშლის ოპოზიციას ნერვებს, სწორედ ისინი გამოიყვანონ ხშირ-ხშირად სალაპარაკოდ.
“ირაკლი კობახიძის გასპიკერებაში სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ. ეს სწორედ კონფრონტაციისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია – როგორც ჩანს, ჰგონიათ, რაც უფრო მეტად აუშლიან მოწინააღმდეგს ნერვებს, მით უფრო მაგარი ტიპები არიან. მახსოვს, ერთხელ ხელისუფლებას ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ასეთი რჩევა მივეცი: როცა დასხდებით და რაღაც გადაწყვეტილებას მოიფიქრებთ, მერე იმის აბსოლუტურად საპირისპირო გააკეთეთ და ათიდან ცხრა შემთხვევაში, სწორი იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები