“ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციული ძალაა და დანარჩენ ოპოზიციას აშანტაჟებს.
“8 წელზე მეტია უკვე საჯარო პოლიტიკაში ვართ და უკვე შემიძლია გავარჩიო ვინ არის და რომელია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით თანამშრომლობა შეუძლია. “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან შეწუხებული, რომ დაკარგა მონოპოლია ოპოზიციაში და პირველად მოხდა ამ არჩევნებში, როდესაც მათი ქოლგის გარეშე სხვა ოპოზიციური პარტიები შევიდნენ პარლამენტში,” – აღნიშნა თალაკვაძემ.
“ღამის კურიერის” ერთ-ერთმა წამყვანმა თალაკვაძეს სთხოვა დაესახელებინა კონსტრუქციული ოპოზიცია, თალაკვაძემ კონკრეტულად არ უპასუხა.
თალაკვაძე აცხადებს, რომ კონსტრუქციულია ის ოპოზიცია, ვინც ენმ-ს გაემიჯნება.
“ნუ გგონიათ ეს რაღაც ჩამჭრელი კითხვაა, პირდაპირ გეუბნებით, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტური სისტემის გარდა ყველა ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, რომ ჯანსაღი ოპონირება გასწიოს, გაძლიერდეს, მიიღოს დაფინანსება. თუ “ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს შანტაჟს და არ შემოვა პარლამენტში, ჩვენ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში თვითმმართველობის არჩევნებამდე ბოლომდე გავუფორმებთ მათ ამ უპასუხისმგებლობას.
პატარა ტრიუკებით ვერ გამაცურებთ. ჯერ ჩვენ ვსაუბრობდით ვინ არის დესტრუქციული, ახლა თქვენ მეუბნებით პარტნიორად ვის მოიაზრებთო. რა პარტნიორობაზე მელაპარაკებით, “ქართულ ოცნებას” აქვს უკვე უმრავლესობა, აქვს შანსი რომ კიდევ მოიგოს მაჟორიტარული მანდატები, შესაბამისად, ჩვენ ვაკომპლექტებთ მთავრობას. “ნაციონალური მოძრაობა” არის დესტრუქციული, დანარჩენები დგანან ტესტის წინაშე, თუ ჩააბარებენ ტესტს, რომ გაემიჯნონ ამ შანტაჟს და შევიდნენ პარლამენტში, ისინი არ იქნებიან დესტრუქციულები,” – განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები