ანბანთმცოდნე, დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
“გუშინ 92 წლის ასაკში გარდაიცვალა რამაზ პატარიძე, ქართული მეცნიერების მართლაც უხუცესთაგანი, ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება ქართული ანბანის საკითხების კვლევას მიუძღვნა. მან განვლო დღეგრძელობით გაჯერებული, ტრაგიზმით აღბეჭდილი და მეცნიერებისთვის თავგადადებული ცხოვრება.
მან მართლაც არაერთი საინტერესო წიგნი თუ სტატია დატოვა, რომლებშიც ნათელს ჰფენს ქართული დამწერლობის ღრმა და დაფარულ საზრისებს, ასევე მისი ჰიპოთეტური შემოქმედის, როგორც ბერძნულ, ისე ფინიკიურ სამყაროებთან ნაზიარები ქართველი სწავლულისა და ქურუმის კულტურულ-ისტორიული პორტრეტის რეკონსტრუქციას.
მას არასოდეს ხვდომია წილად რაღაც განსაკუთრებული ჯილდოები რომელიმე მთავრობისგან, აღიარებები და რაღაც მსგავსი. როგორც ერთგვარი გამგრძელებელი და მოსაყდრე პავლე ინგოროყვასი, თითქოს ახალ დროში გადმოხვეწილი სეპტუაგინტას ბიბლიური ტექსტების ბერძნულად მთარგნელი ალექსანდრიელი სწავლულთაგანიაო, ცხოვრობდა რამაზ პატარიძე განდეგილივით და მისი სახატე ქართული ხელნაწერები და ქართული ასომთავრული იყო. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, პლანეტის რომელ წერტილშიც, ყველგან მოწიწება და პატივისცემა იქნებოდა მისი შემხვედრი განწყობა და ყველგან თვითკმარი იქნებოდა მისი მოღვაწეობა. ის გუშინ შეერთო დიდ წინაპართა წიაღს, და დატოვა გამყარებული ცოდნა, რომ მეცნიერება შესაძლოა იყოს მძლავრი საშუალება ადამიანური ყოფიერების ღირებულების ამაღლებისა. განუსვენე უფალო. RIP”
კომენტარები