საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და ტელეკომპანია ობიექტის ყოფილი წამყვანი, ბონდო მძინარაშვილი ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს. მან ფეისბუქგვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამის დამტკიცებას ცდილობს.
“მოემზადეთ, ბიძიკოებოო!” — სააკაშვილი რომ სიურპრიზებს გვპირდებოდა, იქნებ ეს არის მისი სიურპრიზი?!” — ასე გამოეხმაურა ის ფეისბუქგვერდზე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს და მალევე გამოაქვეყნა ახალი პოსტი წარწერით: “ეს არის კარგად დაგეგმილი პოლიტიკური ტერორისტული აქტი სპეციალურად წინასაარჩევნოდ!”
მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მძევალი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, მძინარაშვილმა მტკიცება დაიწყო, რომ ბანკის ძარცვა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “დასპონსორებულია”.
“სააკაშვილის და მისი მკვლელი სექტის დაგეგმილ ტერაქტს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში!” — წერს ის.
მისი აზრით, ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, “ტერორ-სპექტაკლის” მონაწილეა.
“გახსნილი ხელყუმბარა რომ ხელიდან ხელში გადააქვს იმ ავტომატიან ნაცს, მანდ ვერ ვეწევი და მიშველეთ ვინცხამ!” — წერს ის.
შსს-ს განცხადებით, ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, 14:21 საათზე მიიღეს.
კომენტარები