ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ეს სამენეჯერო საფეხბურთო ვებგვერდის “ტრანსფერმარკტის” მიერ ფეხბურთელების ღირებულებების განახლების შემდეგ გახდა ცნობილი.
ზაფხულის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მეტად სამი მოთამაშის ფასმა მოიმატა, რომელთაგან ერთი – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” თავდამსხმელია. ხვიჩას ფასი ზაფხულში 2,5 მილიონიდან 4,5 მილიონამდე გაიზარდა, ახლა – კიდევ 3 მილიონით და 7,5 მილიონით ქართველი TOP-ათეულის ლიდერი გახდა.
კვარაცხელიამ გადაუსწრო გიორგი ჩაკვეტაძეს, რომლის ფასიც 6,7 მილიონიდან 6 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, ეს დროებითი ჩავარდნაა. ამის მაგალითი თორნიკე ოქრიაშვილია, რომლის შეფასებაშიც ერთ-ერთი გამორჩეული ზრდაა – ორწლიანი რთული პერიოდის შემდეგ 2 მილიონიდან მისი შეფასება 475 ათას ევრომდე შემცირდა, წარმატებული სანაკრებო და საკლუბო მატჩების შემდეგ კი “ჯვაროსნების“ 28 წლის შემტევის გრაფაში 1,0 მილიონი დაფიქსირდა.
აქვე ვიტყვით, რომ სატრანსფერო შეფასება ასევე გაეზარდა პოლონური “ლეგიას” ნახევარმცველ ვაკო გვილიას – 1,6 მილიონის ნაცვლად მის გრაფაში ახლა 2,5 მილიონი წერია, თურქეთის “ქონიასფორის” თავდამსხმელ ლევან შენგელიას შეფასება 1,0 მილიონიდან 1,4-მდე გაიზარდა, ხოლო “სან ხოსეს” შემტევ ვაკო ყაზაიშვილისა – 1,50-მდე (1,2 იყო).
წყარო: lelo.ge
კომენტარები