ნდობის ასამაღლებლად, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ იმედი აღარ აქვს, რომ უმრავლესობით იქნება და ამიტომ ჩქარობენ ყველაფრის მიფუჩეჩებას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდისთვის სასამართლო არის მთავარი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც ისინი გაყალბებული არჩევნების გამართლებას შეეცდებიან. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აცდენილია იმ გზას, რასაც ჰქვია პარტნიორობის გზა.
„ზოგადად მმართველი გუნდისთვის სასამართლო არის მთავარი ბერკეტი, რომლითაც უნდათ, ეტყობა, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების „გაპრავება“. ჰგონიათ, რომ მოსამართლეები იქნებიან მათი მუდმივი მსახურები და ამით შეინარჩუნებენ გავლენას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. არანაირი გამართლება არ აქვს ამ სიჩქარეს, როდესაც შენ თანამშრომლობ და პარტნიორობ ასეთ სოლიდურ ორგანიზაციასთან, როგორიც არის ვენეციის კომისია და ამ ადამიანების დასკვნასა და რჩევებს არ ელოდები, თან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის მოსამართლეები და უზენაესი სასამართლოს დანიშვნის წესი.
ჩვენ ვატყობთ, რომ „ქართული ოცნება“ აცდენილია იმ გზას, რასაც ჰქვია პარტნიორობის გზა. ეს კობახიძის სტილია, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ, ძალიან მოკლეზე თამაში. ამ ადამიანებს ზოგადად ჰგონიათ, რომ ერთ დღეს რომ მოიგებენ, ამით ყველაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, ზოგადად, ძალიან ბევრი გამოწვევა ელის ჩვენს ქვეყანას და არ მგონია, რომ ამ ქვეყნის საშველი ასეთი გაყალბებული მოსამართლეების დანიშვნაში იყოს,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი განმარტებით, პროცედურულად, მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა, რეგლამენტით დადგენილი წესის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობა დაასრულა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღების შემდეგ, საგანგებო სესიის მოწვევა შესაძლებელი იყო.
„შეეძლოთ დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას და საგანგებო სხდომა მოეწვიათ და ის ცვლილებები, რომლებიც იქნებოდა ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი, იმის გათვალისწინებით მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. თუ არადა, რა საჩქაროა, ყოფილიყო ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული.
„ქართულ ოცნებას“ და დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს გეგმაზომიერი გეზი ევროპისკენ სამოძრაოდ. უფრო ჩრდილოეთიდან რა შეფასებებს მიიღებენ, ის აინტერესებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები