ჩინეთის დიდი კედელი
ჩინური სამხედრო ნაგებობა, უდიდესი არქიტექტურული ძეგლი. ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში. მისი მთავარი მიზანი იყო მომთაბარე ტომებისგან დაცვა. კედლის მშენებლობისთვის გამოიყენეს ყველაზე პრიმიტიული მასალები: თიხა, კენჭი და ლერწმის წნელები. იგი მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში და მიუყვება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზე. გარკვეულ მანძილზე კედელი უახლოვდება პეკინს. სხვა მონაცემებით, კედლის სიგრძე თავიდან ბოლომდე ყოფილა 21 196 კმ.
ქალაქი პეტრა – იორდანია
ქალაქი, რომელიც თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 900 და სიკის ვიწრო კანიონში არაბიის ველიდან 660 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ველამდე გზა სამხრეთით და ჩრდილოეთით უღელტეხილებით მიდის, დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ კი კლდეები მოჭრილია და 60-მეტრიან ბუნებრივ კედელს ქმნის.
2007 წლის 7 ივლისს პეტრა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა.
თაჯ-მაჰალი- ინდოეთი
(ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; „სასახლე-გვირგვინი“) — მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.
თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება.
ჩიჩენ-იცა – მექსიკა
(ესპ. Chichén Itzá [tʃi’tʃen i’tsa], იუკატანის მაიას ენაზე „იცას ქვაბულის პირთან“) — ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ, ახ.წ. VII საუკუნეში. ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში
კრისტო-რედენტორი (პორტ. Cristo Redentor — „მხსნელი ქრისტე“) — იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.
დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს — პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა.
მონუმენტის სანახავად ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა. ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს, რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.
კოლოსეუმი ან კოლისეუმი – რომი
(ლათ. colosseus — „უზარმაზარი, კოლოსალური“), ფლავიუსების ამფითეატრი (ლათ. Amphitheatrum Flavium) — გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 – 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო 70-სა – 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს. კოლოსეუმი რამდენიმეჯერ დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.
მაჩუ-პიქჩუ – პერუ
(კეჩ. Machu Picchu – ძველი მწვერვალი) — ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.
მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად. 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო. აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.
კომენტარები