„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ კონკრეტული ინსტრუმენტები, რითაც ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ ინსტრუმენტებს წინ აღუდგებიან.
„დღეს ოპოზიციური პარტიები, დაახლოებით 30-მდე ოპოზიციური პარტია ხელს აწერს დეკლარაციას, რომელიც ეხება ერთმანეთის ხმების დაცვას არჩევნების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ივანიშვილი შეეცდება ძალადობის გამოყენებასაც, შეეცდება გაყალბებასაც, შეეცდება სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი და დაშინების ინსტრუმენტების გამოყენებას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების კომუნიკაცია. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინსტრუმენტები, რითაც წინ აღვუდგებით ასეთი ტიპის მცდელობებს. იქნება ეს ჩვენი წარმომადგენლების თანამშრომლობა უბნებზე, კომისიის წევრების თანამშრომლობა, ინფორმაციის სწრაფ რეჟიმში გაცვლა, თუ რეაგირების საერთო ფორმები და ამ ყველაფერზე ვთანხმდებით დღეს“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობენ ერთი მიზნისთვის, რომ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი დაამარცხონ.
„დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ ეს სამთავრობო პროპაგანდიდან წამოსული ნიაღვარი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ, არის უბრალოდ არასწორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ სწორედ იმ ერთი მიზნით, რომ ივანიშვილი დავამარცხოთ ამ არჩევნებზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს მემორანდუმს გააფორმებს. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მემორანდუმს ის პარტიები მოაწერენ ხელს, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბებოდნენ.
კომენტარები