საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს, იყო ისტერია ატეხილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინა უკრაინის სპეცსამსახურებმა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, ეს საქმესთან დაკავშირებით მაქსიმალური ღიაობაა საჭირო.
„რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, პირადად პუტინმა არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის, მოწამვლებისა და მკვლელობების სახით. ეს პროცესი, როგორც ირკვევა, არის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გახსნილი. საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს, ისინი თავისუფლას დადიოდნენ თბილისში, ბათუმში, იყო ისტერია ატეხილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინა უკრაინის სპეცსამსახურებმა,”- განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რუსეთი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „უხეში ფორმით ჩაერიოს“.
„ამასთანავე, უნდა ითქვას, თუ როგორი საჩუქარი მიუძღვნა რუსეთმა „ქართულ ოცნებას“, როცა მან დადგა ციხის კადრები, როცა რაფალიანცის მკვლელობის სახით შექმნა ქვეყანაში ფსიქოზი, რამაც ძლიერი გავლენა მოახდინა მაშინ არჩევნებზე. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უხეშად და ნესბისმიერი ფორმით ჩაერევა საქართველოს მომავალ არჩევნებში და ბუნებრივია, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ,”- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.
კომენტარები