თუკი მსოფლიოში არსებული მდგომარეობა სიკვდილ -სიცოცხლეს შორის არჩევანს დააყენებს, რასაკვირველია, ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ და შეზღუდვებს დავაწესებთ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საგანგებო მდგომარეობასა და საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის განმარტებით, მათი სურვილია, რომ ივლისში საარჩევნო სისტემის განხილვა უკვე დასრულებული იყოს, თუმცა, ეს მხოლოდ მათ სურვილზე დამოკიდებული არ იქნება.
„ნებისმიერი თემა სამწუხაროდ, ყოველთვის პოლიტიკურ სიბრტყეზე განიხლება. ბჭობენ იმ საკითხებზე, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, თუ როგორ იქნება საგანგებო ვითარება საარჩევნო სისტემასთან მიმართებით. არ არის ეს დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არც ჩვენ პოზიციაზე. ჩვენი პოზიცია ცნობილია- გვინდა, რომ ივნისში განვიხილოთ და ივლისში დავამთავროთ ამ საკითხებზე მსჯელობა, მაგრამ რეალურად ყველამ უნდა გავიაზროთ, ვისაც საღი აზრი გააჩნია, რომ ვითარებას ველოდებით, რომ გაცილებით უკეთესი იქნება. თუკი მსოფლიოში არსებული მდგომარეობა სიკვდილ -სიცოცხლეს შორის არჩევანს დააყენებს , რასაკვირველია, ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ და შეზღუდვებს დავაწესებთ, ისევე როგორც ადრე გვქონდა, მაგრამ ყველანაირი პროგნოზით იმედია, რომ ეს საკითხი აქამდე არ მივა, პირიქით ორშაბათიდან ნელ- ნელა დაიწყება ვითარებიდან გამოსვლის გეგმის განხორციელება. ჩვენ ვგეგმავთ და ვგეგმავთ მხოლოდ ერთი პრინციპის საფუძველზე – ეს არის მეცნიერების მიერ მოწოდებული მოსაზრებები და ღრმა ანალიზი საერთო სიტუაციის, რომელიც მსოფლიოში არსებობს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, დაუშვებელია საგანგებო ვითარების პოლიტიკური რაკურსით განხილვა.
როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება განპირობებულია იმ ვითარებით, რაც საქართველოშია.
„პარასკევს გვექნება დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გეგმა აქვს მთავრობას, რომ ვირუსის პანდემიასთან ერთად, ეს ეკონომიკური პანდემიაც ავიცილოთ. საკმაოდ რთული პროცესია ამ ორი ძალისხმევის სინთეზი, მაგრამ ჩვენ დავანახეთ მსოფლიოსაც, მოქალაქეებსაც, რომ ეს ძალუძს ამ გუნდს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები