იმდენი ადამიანი რომ ყოფილიყო ეკლესიებში, რამდენიც ჩვეულებრივად არის ხოლმე, რისკი გაცილებით მაღალი იქნებოდა, ახლა რადგან ბევრად ნაკლები ადამიანი იყო, რისკი ალბათ, ცოტა შემცირდა, მაგრამ არ განულებულა , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც რეკომენდაციები გაითვალისწინა მადლობას უხდის.
„მადლობა მინდა გადავუხადო მრევლს, იმ უმეტეს ნაწილს, ვინც გაითვალისწინა რეკომენდაციები და გუშინ სააღდგომო ლიტურგია სხვა ფორმატით გაითავისა და არ მიბრძანდა ტაძრებში, რითაც შეამცირა რისკი ინფექციის შემდგომი გავრცელების, ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა მრევლს, რომელიც მიბრძანდა ტაძარში, მაგრამ დაიცვა ყველა ის რეკომენდაცია, რასაც საპატრიარქო და საქართველოს სახელმწიფო იძლეოდა, იყო დისტანცირება, ნაკლები რაოდენობა ხალხის და იდგნენ იმ ადგილზე, რომელიც სპეციალურად იყო გამოყოფილი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, შემთხვევათა მატება იქნება, ამიტომ მოსახლეობამ სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს როგორც ნებისმიერ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ტაძრებშიც.
„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება, ჯერჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის 22-23 რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ ვამბობდით, რომ აპირილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული. შემთხვევების ზრდა დიდი ალბათობით გვექნება, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ეს არის სოციალური დისტანცირება, სხვა ამას ვერაფერი აჩერებს.
ჩვენ ზრდა ისედაც გვექნებოდა, ვშიშობდით არ ყოფილიყო დიდი ნახტომით ზრდა და იმით, რომ ნაკლები იყო ხალხი და ბევრად ნაკლები, ამან რისკი ოდნავ შეამცირა, მაგრამ ეს რისკი არ განულდა, საკმაოდ სერიოზული რისკი არსებობს, რომ ზრდა გვექნება ამიტომ ეს 3-4 კვირა არ უნდა მოვეშვათ, არ უნდა შევამსუბუქოთ ღონისძიებები, რომელიც ტარდება, თუ გვინდა ეს დუნე მატება შევინარჩუნოთ, რომელსაც ერევა ჯანდაცვის სისტემა, გამოჯანმრთელების საკმაოდ მაღალი პროცენტი გვაქვს, სახელმწიფო დროულად რეაგირებს, ამიტომ ჩვენ თუ დავიცავთ ყველა ღონიძიებას, გამოვალთ ნაკლები დაზიანებით“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
კომენტარები