აშშ-ში მცხოვრები ექიმი, მარინა ძაგნიძე სოციალურ ქსელში ქართველი ემგრანტების ინიციატივაზე ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშულთან დაკავშირებით News.ge მარინა ძაგნიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა:
News.ge – ქალბატონო მარინა, ვისი ინიციატივა იყო მედპერსონალისათვის საჭირო ნივთების შესყიდვა და მათთვის უანგაროდ გადაცემა?
მარინა ძაგნიძე: აშშ-ში არსებობს ემიგრანტების ჯგუფი “ჩვენ ამერიკაში”. ჯგუფში გაერთიანებული ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ერთმანეთს ვამხნევებთ. ერთ დღეს, მორიგეობიდან დაბრუნებულმა, სოციალურ ქსელში დავწერე თუ როგორ გვიჭირს ექიმებს, მთლიანად მედპერსონალს ისეთი საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობის გამო, როგორიცაა ელემენტარულად – ნიღაბი.
ამ პოსტის გაცნობის შემდეგ, ჯგუფის “ჩვენ ამერიკაში” მოდერატორმა, გიორგი ნიკოლაიშვილმა ქართველ ემიგრანტებს მოუწოდა თანხის შეგროვება ასე საჭირო და დეფიციტური ნიღბებისა და სხვა საჭირო დამცავი საშუალებების შესაძენად. ვინც როგორ და რამდენიც შეძლო, გადმორიცხა და ჯამში 4 700 დოლარი შეგროვდა!
News.ge – ვინ იქნებიან შეძენილი ნიღბების ადრესატები?
მარინა ძაგნიძე: ქართველებსა და საქართველოს ამერიკელები ყოველთვის ეხმარებიან! ახლა კი ის დროა, როცა ამერიკელებს სჭირდებათ ქართველების დახმარება! შეძენილი ნივთები დაურიგდებათ ქართველ და ამერიკელ მედპერსონალს, ასევე პოლიციელებს, მეხანძრეებს…
მადლობა თითოეულ ქართველ ემიგრანტს, ვინც თუნდაც ერთი დოლარი გადმორიცხა ამ აქციის მხარდასაჭერად, მადლობა გიორგის ამ ინიციატივისათვის.
News.ge: წარმატებას გისურვებთ
მარინა ძაგნიძე: მადლობა
News.ge ქართველი ექიმის, მარინა ძაგნიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მადლობას ვუხდი ყველა ქართველ ემიგრანტს ჯგუფიდან “ჩვენ ამერიკაში” , რომელთაც თუნდაც ერთი დოლარი გადმორიცხეთ გიოს ორგანიზებულ აქციაში, რომ შეეძინა ასე დეფიციტური ნიღბები იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. რამდენიმე დღეში თქვენი ენთუზიაზმით შეგროვდა $4.700 . გიო მეგობრებთან ერთად ახლა შემოვლას აკეთებს და გვირიგებს ნიღბებს და ხელის სანიტაიზერებს. ხვალ პირადად ჩემი დაწასებულების ექთნები 500 ნიღაბს მიიღებენ თქვენგან.
ჩემმა ტკბილმა გოგომ Makrine Arakhamiia-მ მის გამომცხვარი შოკოლადის ნამცხვარი და სააღდგომო პასკები ჩამომიტანა. არ ვიცი, როგორ გითხრათ მადლობა. და ბოლოს Bela Maglaferidze , თვითონ შეუძლოდ იყო რამოდენიმე დღის წინ, მაგრამ ირბინა ბევრი, სანამ დაწყებული საქმე არ დააგვირგინა. ნიღბებს ელოდებიან ჩემი კოლეგები ნიუ-ჯერსში, კონი აილენდის საავადმყოფოში, პენსილვანიაში NP Medicine, ტეხასში, ოჰაიოში.
ეს ის მომენტია, კორონასიც რომ არ გეშინია.
დაილოცოს თქვენი კეთილი გული, ამერიკელო ქართველო ემიგრანტებო ! იხარე გიო, სულ ბრილიანტი იდეები რომ მოგდის თავში !”
კომენტარები