კორონავირუსის პანდემიის გამო დიდ ბრიტანეთში სკოლები დროებით დაიხურება. სკოლები მხოლოდ სამედიცინო მუშაკების შვილებისთვის და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იქნება ღია.
გადაიდება დაგეგმილი გამოცდებიც ინგლისსა და უელსში. გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ რაც ბრიტანეთში გარდაცვლილითა რიცხვმა 104-ს მიაღწია.
დიდ ბრიტანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამშაბათს 1 950 იყო, ოთხშაბათს კი – 2 626. მთავრობა გეგმავს, რომ ამიერიდან დღეში 25 000 მოქალაქე შეამოწმოს კორონავირუსზე.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა თავდაპირველად გადაწყვიტა კორონავირუსთან ბრძოლას განსხვავებულად მისდგომოდა.
სანამ ევროპაში სკოლები იხურებოდა, ხოლო კარანტინის რეჟიმს ქუჩაში შეიარაღებული ძალები იცავდნენ, ბრიტანეთის მთავრობა მოქალაქეებს ურჩევდა, რომ ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ ცხოვრება. სკოლები, რესტორნები, თეატრები, კლუბები და სპორტული დაწესებულებები ძველებურად ღია იყო, თვითიზოლაციის შესახებ რეკომენდაცია კი მხოლოდ 70+ წლის ადამიანებსა და გრიპის სიმპტომების მქონე პირებს შეეხოთ. ბრიტანული სტრატეგია ადგილობრივი მეცნიერების რჩევებზე იყო დამყარებული, რომელთა თქმითაც, კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ფორმა ვირუსისთვის გავრცელებისთვის ხელის არშეშლა იყო, რის შედეგადაც მოსახლეობა ჯოგურ იმუნიტეტს გამოიმუშავებდა.
ორშაბათს ეს თეორია რეალობას შეეჩეხა. შესაძლო მოვლენების მოდელირებამ აჩვენა, რომ “თავისუფლად მიშვების შემთხვევაში” ჰოსპიტალიზებული პაციენტების 30%-ს დასჭირდებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება, რაც ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას წყობიდან გამოიყვანდა.
რეპორტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ჯოგური იმუნიტეტის გეგმაზე უარს ამბობს. ამიერიდან ბრიტანელები სახლიდან იმუშავებენ და სოციალიზაციისაგან თავს შეიკავებენ.
კომენტარები