ორი რამ ნამდვილად ვიცი, რაც საერთო ფორმატში შეთანხმების საგანია. ერთი ეს არის, რომ ყველა ლიდერი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მეორე – სადაც შესაძლებელი იქნება, იქ ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ წაართვან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით გვარებზე საერთო შეთანხმება არ მომხდარა. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ ის ყველა პირს მხარს ვერ დაუჭერს.
“მე მგონი, იჩქარეს ზოგიერთებმა და საკუთარი პარტიის შიგნით კონსულტაციების ინტერპრეტაცია მოხდა, რომ ეს იყო შეთანხმება პარტიებს შორის. ვერაფრით მოხდება გვარებზე შეთანხმება, ვიდრე არ გვეცოდინება, რამდენი მაჟორიტარული ოლქი რჩება, როგორ იცვლება გეოგრაფიული საზღვრები. ორი რამ ნამდვილად ვიცი, რაც საერთო ფორმატში არის შეთანხმების საგანი. ერთი ეს არის, რომ ყველა ლიდერი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც უფრო მაღლა წევს თამასას საარჩევნო კონკურენციის თვალსაზრისით და მეორე, სადაც შესაძლებელი იქნება, იქ ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ წაართვან. ეს არის მეორე შეთანხმება, რაც მგონია, რომ გონივრულია. გვარებს პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ეს არ არის საერთო შეთანხმება, მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ნებისმიერ გვარს ვერ დავუჭერ მხარს, თუ ჩავთვლი, რომ ის არის ძალიან შორს ჩემს პრინციპებთან და ფასეულობებთან,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომენტარები