საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველო დაჯდება ნებისმიერ ფორმატში, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პოზიციის პრინციპულად დაცვით არის შესაძლებელი ეს პროცესი მომავალში განვითარდეს, წარდგენილი იყო მინისტრის მხრიდან, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს წარმოადგენდა, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან და ოკუპაციასთან მიმართებაში, არ დავუშვებთ, რომ საქართველო პროვოკაციაში იყოს ჩათრეული და არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკის და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში. ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ასე იყოს მომავალშიც და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმერ შეხვედრაზე ნებისმიერ ფორმატში ჩვენი გზავნილი, ჩვენი პოზიცია იქნება იგივე, საქართველო მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, თავისი ეროვნული ინტერესების დაცვით დაჯდება ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები