ეკა ბესელია არის თუ არა კორუმპირებული? – ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალური პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
ფოფხაძემ აღნიშნული კითხვის დასმამდე ვასაძეს კიდევ რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის, არის თუ არა გედევან ფოფხაძე მკვლელი.
„არა, სანამ სასამართლო გზით არ დადგინდება, რომ მკვლელი ხართ, მე როგორც მამუკა ვასაძეს, ამ სტატუსის მატარებელს, უფლება არ მაქვს, მკვლელი გიწოდოთ. იმ შემთხვევაშიც არ მაქვს უფლება, გამოძიებაც დაწყებული რომ იყოს თქვენ მიმართ“, – განაცხადა ვასაძემ.
ამის შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვასაძეს ჰკითხა, არიან თუ არა, გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია კორუმპირებულები?აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ისინი არ არიან კორუმპირებულები.
„დიდი მადლობა. იმედი მაქვს, ამ ეთერს ბატონი ვანო ზარდიაშვილი უყურებს, თქვენი არათი ისარგებლებს და დაპირებულ ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რომ ერთი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ეკა ბესელია არ არის კორუმპირებულიო, ჩვენს დარბაზში არის და დააფიქსირა, რომ ეკა ბესელიაარ არის კორუმპირებული“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ეკა ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ამ საზოგადოებაში ერთ ადამიანსაც ვერ ნახავდა, ვინც ეკა ბესელიაზე იტყოდა, რომ ის კორუმპირებული არ არის. მისივე თქმით, თუ ვინმე იტყვის, რომ ბესელია არ არის კორუმპირებული, ის ბოდიშს მოიხდის.
ამ წუთებში, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს უსმენენ.
კომენტარები