ივანიშვილი უფრო მეტ პატივს სცემს მის ზებრასა და ზვიგენს ვიდრე ხალხს , -ამ სიტყვებით შეაფასა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ის სამთავრობო ცვლილებები, რომელიც დღეს საზოგადოებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ წარუდგინა. გოცირიძის თქმით, ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პროტესტი გაეთვალისწინებინა და გახარია თანამდებობიდან მოეხსნა, ის საზოგადოებას “თავზე დაასვა”.
„ეს არის საზოგადოების დაცინვა, ეს არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა, ეს არის საზოგადოების გამოწვევა და ამ გამოწვევას საზოგადოება მიიღებს და ძალიან ცუდად დამთავრდება “ქართული ოცნების” პოლიტიკური ბედი, ვინაიდან ის მთავრობა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, ფაქტობრივად არის გავრილოვის მთავრობა. ეს არის რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება, საქართველოში რუსეთი შემოვიდა ჯერ სიმბოლურად, როდესაც გავრილოვი წამოსკუპდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და დღეს უკვე რუსეთი შემოვიდა საქართველოს მთავრობაში იმ განწყობითა და სულისკვეთებით, რასაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი. ყველა ქმედება რაც კი მან 20 ივნისის ღამის შემდეგ ჩაატარა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა გაიმაგროს პლაცდარმი. დარჩა 20 ყურმოჭრილი მოსამართლის დანიშვნა და ჩვენ ამასაც ვიხილავთ. ამით მორჩება ხელისუფლების საბოლოო უზურპაციის პროცესი და ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, არამედ “ქართული ოცნების” ფაშა. არ გაუვა ვინც ასე მოიქცა, ყველა დამარცხდა. ხალხის ნების წინააღმდეგ წამსვლელი ყველა ყოველთვის ამთავრებს ერთი და იგივე შედეგით”, -განაცხადა რომან გოცირიძემ.
კომენტარები