საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისმ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო. არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ საკითხზე კარგი განმარტება თავად ბახტაძემ გააკეთა.
„ეს არის მისი გადაწყვეტილება და ეს მან კარგად განმარტა მედიასთან შეხვედრის დროს”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა სამთავრობო ცვლილებების საკითხსაც, თუმცა, არჩილ თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ შეცვლის ბახტაძეს და მოხდება თუ არა სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირების შეცვლაც.
„აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება ხვალ, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ და საბოლოოდ შეთანხმებულ პოზიციებს ხვალ მოისმენთ”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს, მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს. შს სამინისტროს კი ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს.
კომენტარები