მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენს წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია, რომ ვითომ პარლამენტარებმა ნოტარიუსის მსგავსად დაადასტურონ კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მან ისაუბრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი გასაუბრებების შესახებ მოსამართლე მადი ჩანტლაძესთან და დამოუკიდებელ ინსპექტორ ქეთევან ცინცაძესთან დაკავშირებით.
„ტრადიციულად, ჩვენ კანდიდატებთან ვსვამთ კითხვებს სამუშაო გამოცდილებაზე და ასევე, კეთილსინდისიერებაზე. მადი ჩანტლაძე ადრე, ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდა სასამართლო სისტემაში, შემდეგ მან სისტემა დატოვა თუ წავიდა და მოგვიანებით დაბრუნდა. მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე როგორ აფასებს ის სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილებას მრავალი სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში. ქეთევან ცინცაძის პროფესიული ტრაექტორია კი პირდაპირ უკავშირდება მიხეილ ჩინჩალაძის ყოფნის პერიოდს უზენაეს სასამართლოში. იმთავითვე ჩანს, რომ მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ამბიცია ჰქონდეს, დაიკავოს ასეთი მაღალი თანამდებობა. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს იმას, რომ ეს არის ვითომ პროცესი”, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა.
ასევე, ანა დოლიძემ შეაფასა მიმდინარე გასაუბრებების პროცესი და განაცხადა, რომ არიან კანდიდატები, რომლებიც საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.
„საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან მაღალი დონის კომპეტენციასთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომ ვითომ იმ ხალხმა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ნოტარიუსის მსგავსად დაადასტუროს ის კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში. სხვა შემთხვევაში, ვერ აიხსნება, ადამიანებს, რომლებიც ახლოსაც ვერ მოდიან იმ კალიბრთან, რაც უნდა ჰქონდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რა უნდათ ამ პროცესში და რა მოტივაციით მონაწილეობენ აქ”, – განაცხადა დოლიძემ.
კომენტარები