ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილის გუნდისთვის მედიაზე შტურმი იყო პრიორიტეტეული, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “ტვ პირველის” დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას.
ბოკერია ამ ფაქტს დამოუკიდებელ მედიაზე მორიგ შეტევას აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ნაბიჯებია.
„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილის გუნდისთვის მედიაზე შტურმი იყო პრიორიტეტეული. “რუსთავი 2”-ის სამწუხარო ამბავი იყო მათი წარმატება და ქვეყნის მარცხი. ახლა ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს მცდელობა გაგრძელდება “ტვ პირველთან” დაკავშირებით, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა მედიამ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ივანიშვილის რეჟიმს არ უშველის. მას პერსონალურად ესმის, ალბათ, რომ ამ ბოლო მოვლენების შემდეგ ძალიან დასუსტებულია. ამიტომ მგონია, რომ ის შემდეგ არჩევნებში განწირულია, ოღონდ ყველა ასეთი ნაბიჯით ის ჩვენი ქვეყნისთვის რისკებს ზრდის. ეს არის უბედურება, რომ მაოხრებელი გზირის საფრთხე არსებობს, რომ ეს ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც საზოგადოებისგან განწირულია უარყოფისთვის, დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღე საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და უსაფრთხოებას. ყველა ასეთი ნაბიჯი ვითარების გამწვავებას იწვევს და ჩვენი ქვეყანა ისეთ ვითარებაშია, ნებისმიერი ამ ტიპის გამწვავება რისკებთანაა დაკავშირებული. ივანიშვილსა და მის გარემოცვას – ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: ეს არის განწირული მცდელობები. მთელი საზოგადოებისთვის და მათთვისაც ჯობია, სწრაფად შეეგუონ იმას, რომ შემდეგ არჩევნებში დამარცხდებიან. ყველა მცდელობა, რომ საზოგადოებას შეუზღუდონ ინფორმაციის მიღების საშუალება წარუმატებელი, თუმცა ძალიან საზიანო იქნება,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კომენტარები