პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც ეკა ბესელიასთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად, პარტია “სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მდივანია, პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდა.
როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ფოფხაძე ახლად შექმნილი პარტიიდან წავიდა. თავად ფოფხაძემ სააგენტოსთან საუბრისას განმარტა, რომ ახლა მას პარტიული აქტიურობისათვის არ სცალია, დროებით პარტიული საქმიანობით დაკავებული არ არის, რადგან სხვა გეგმები აქვს. ფოფხაძე ასევე ამბობს, რომ “ეს პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს და მხოლოდ ის საკითხია, თუ ვის სცალია რაღაცისათვის და ვის – არა“.
ფოფხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიაში არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, საკითხი მის პირად საქმეებს უკავშირდება, რაც დროში პარტიულ საქმიანობას გამორიცხავს, ამიტომ საჭირო გახდა “ვიღაცას ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო“.
“ეს ტექნიკური საკითხია. მაქვს პირადი გეგმები და არ მცალია. ჩემებს ვთხოვე: ცოტა ხანი პარტიულ საქმიანობას ჩამოვშორდები, ამ ეტაპზე ჩემი იმედი არ ჰქონდეთ და რაღაც სხვა უნდა ვაკეთო. ახლა პარტიული აქტიურობა შეჩერებული მაქვს. ეს შიდაპარტიული, ორგანიზაციული თემაა და ამაზე საჯაროდ საუბარს საერთოდ არ ვაპირებ. დროებით დაკავებული ვარ ჩემი საქმეებით და არა პარტიული აქტიურობით. ვიღაცამ უნდა აკეთოს ის საქმე, რაც გენერალურმა მდივანმა უნდა აკეთოს და ახლა მე ამისთვის არ მცალია – გამომიჩნდა რაღაც სხვა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. რა იქნება მერე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავალაგებ ჩემს პირად საქმეებს. არ მიმაჩნია, რომ ამაში რაიმე ნიუსია“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” სადამფუძნებლო ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ – ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს.
კომენტარები