საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით მათიკაშვილი ირწმუნება, რომ გადაცემა P.S-ში , გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია, საქართველოს წინაშე მყისიერი საფრთხე წამოჭრა.
სწორედ ამით ხსნის მათიკაშვილი იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ლიდერებმა და საგარეო უწყებამ გუშინვე ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს შეფასებები.
მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ გაბუნიას მონოლოგი საფრთხეს წარმოადგენდა ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.
„მოდით სწორი შეფასება გავაკეთოთ, ეს არ იყო არასასიამოვნო განცხადება, ეს იყო მტრული განცხადება სამშობლოს მიმართ. რა მიზანს ისახავდა გაბუნიას ეს განცხადება, ჯერ კიდევ კარგად არის გასარკვევი. ამ განცხადების შედეგად შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები დაწყებულიყო ჩვენს ქვეყანაში ჩვენივე თანამოქალაქეების მიმართ და ეს უბრალოდ არასასიამოვნო განცხადება არ არის, ამას მინდა ხაზი გავუსვა. მილიონ ნახევარი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ამ განცხადების შემდეგ მათ რა ბედი ეწეოდათ არავინ იცოდა. მყისიერად იმიტომ გაკეთდა განცხადებები, რომ მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველო,”-ამბობს მათიკაშვილი.
გაბუნიას მონოლოგის შემდეგ, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს აგინებს, ხელისუფლების პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთეს და უსწრაფესი რეაგირება მოითხოვეს. განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და “ქართული ოცნების” ლიდერებმა. რეაგირება მყისიერი და სწრაფი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი მიმართა.
დღეს კი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. “რუსთავი2”-ზე შტურმის გამო რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის მისამართით გაკეთებული განცხადებებით კმაყოფილია და ამბობს, რომ 20 ივნისის პროვოკაციისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება აღარ დადუმდა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
კომენტარები