პრემიერ-მინისტრის პარლამენტში არგამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები უმრავლესობის წევრებმაც გააკეთეს. „ქართული ოცნების“ წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მამუკა ბახტაძე კითხვებზე პასუხის გასაცემად საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მივიდა, რომ იქ ოპოზიციის წარმომადგენლები მას ამის საშუალებას არ მისცემდნენ. ქანთარიას თქმით, ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, რასაც პარლამენტში ვერ მოახერხებდა.
„მრგვალ მაგიდასთან მოიწვია ჟურნალისტები და ყველა კითხვაზე ნორმალურად გასცა პასუხი, რაც პარლამენტში იქნებოდა ფაქტიურად შეუძლებელი. იქ იქნებოდა წიოკი ამ ოპოზიციონერების მხრიდან, ჩაშლის მცდელობა, რომ ვერ გაეგო მოსახლეობას რას ლაპარაკობდნენ, გადავიდოდა შოუებზე აი, ამ გარკვეული ილეთების გამოყენებით და თქვენთვის იქნებოდა აბსოლუტურად გაუაზრებელი თუ რისთვის მოვიდა პარლამენტში. მოვა დრო და მოვა, რა თქმა უნდა. ის კი არა, რომ ვერ შემოვიდა პარლამენტში და როგორც დაიწყეს შეეშინდა. არა, არა, იმიტომ, რომ აზრს ვერ მიაწვდიდა, არ მისცემდნენ ამის საშუალებას და კიდევ ატყდებოდა ჩოჩქოლი, ჩხუბი, დავიდარაბა და ა.შ.,“- განაცხადა ქანთარიამ.
კომენტარები