მასშტაბური კორუფციული სკანდალი აჭარაში – ბათუმის საკრებულოს სხდომა ამ საკითხის განხილვით დაიწყო. ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიის წინ იმ პროექტების ამსახველი ინფორმაცია გამოფინა, რომელის საშუალებითაც, მათი თქმით, ხელისუფლებამ ფული მიითვისა.
„მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება მაშინდელ ხელმძღვანელობას, ერმაკოვს, მანველიძეს, ვინც ღებულობდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და დანარჩენი ადამიანები ტექნიკური შემსრულებლები იყვნენ, თუნდაც, მაგალითად, ბექა ხალვაშს ვგულისხმობ, მაგალითად, არჩილ ვანაძე, მაგალითად, გოგა ლომაძე, იყვნენ ტექნიკური შემსრულებლები, რომლებიც დამოუკიდებელ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არ მიმაჩნია სწორად,“ – განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და 6 მაღალჩინოსანი დააკავეს. საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.
კომენტარები