მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილს საქართველოში აქტუალობა დაკარგული აქვს და მისთვის უკრაინაში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანი არ არის. განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში.
“სულ უფრო კარგავს აქტუალობას საქართველოში, ამის დასტური იყო შუალედური არჩევნები, რომელიც გაიმართა ცოტა ხნის წინ საქართველოში, აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას მე ამ ყველაფერს არ მივანიჭებდი,”-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ხელისუფლების ოპონენტები მიესალმებიან ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას და სააკაშვილს პოროშენკოს უკანონო ქმედებების მსხვერპლად მოიხსენიებენ.
“მიხეილ სააკაშვილი იყო უკანონობის და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, როდესაც მას წაართვა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა მოქალაქეობა. კარგია რომ რეალურად უკრაინაში ცვლილებების ნიშანია ის რომ კანონიერების აღდგენა მოხდა, როდესაც მას დაუბრუნდა მოქალაქეობა,”-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
“უტიფარი უსამართლობა,” ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ამბობს, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სამართლიანობა აღდგა.
“მიხეილ სააკაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევა, იყო გამონაკლისი შემთხვევა. ისეთი უტიფარი უსამართლობა იყო, რომ ამაზე მაშინაც და ეხლაც საჯარო პოლიცია დავაფიქსირე და კარგია, რომ ეს უსამართლობა გამოსწორდა,”-აცხადებს გიგა ბოკერია.
კომენტარები