ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა – ოპოზიცია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. მეთოდები, რომელსაც ბოლო რამდენიმე არჩევნებია ხელისუფლება მიმართავს, ისევ ძალაშია.
საარჩევნო უბნებიდან გამქრალი ბიულეტინები და გაყალბებული სიები, რამაც საბოლოოდ არჩევნებზე ზეგავლენა იქონია და რის გამოც, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი სისტემური დანაშაულის ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნები ქვეყანაში, პრაქტიკულად აღარ არსებობს.
„დაფიქსირდა კვლავ, ტოტალური მოსყიდვა ადამიანების. ამან უკვე სისტემირი ხასიათი მიიღო და ამ სისტემურ დანაშაულთან ბრძოლის სხვა მეთოდებია მოსაფიქრებელი პოლიტიკურ სპექტრში და კანონმდებლობაში. მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების აქტიური ჩართვით, იმიტომ რომ მოსყიდვა, ზეწოლა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ გამოყენება, პოლიციელების, სპეც სამსახურების, სუს-ის წარმომადგენლების ჩართულობამ მართლა სისტემური ხასიათი მიიღო უკვე ყველა არჩევნებში. ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები პრაქტიკულად გაუქმებულია,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
არჩევნებზე კრიმინალური ავტორიტეტების ე.წ. კოორდინატორებად გამოყენებაზე საუბრობს ხატია დეკანოიძე. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მოქალაქეებს ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებდნენ.
„კრიმინალური ავტორიტეტები მათი აგენტები, რომლებიც დგანან უბნის გარშემო, რკალი ჰქონდათ დარტყმული უბანზე, წრეში ვიყავით და ისინი აკონტროლებენ პრაქტიკულად ყველა ადამიანს, ვინ მიდის, ვინ მოდის, მაგრამ გარდა ამისა, ყველაზე საზარელი რაც არის, ისინი აიძულებენ ახალგაზრდებს კონკრეტული უბნიდან, კონკრეტული ქუჩიდან, რომ მივიდნენ და არჩევნებზე დააფიქსირონ ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ ხმა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ეს არჩევნები ჩაატარა პოლიციამ – ასე აფასებს ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინა ბოკუჩავა ზუგდიდში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. სწორედ ამას უკავშირებს თინა ბოკუჩავა, ზუგდიდში, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების დიდი რაოდენობით მობილიზებას.
„ეს იყო არჩევნები, რომელიც რეალურად არ ჩაატარა საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ ჩაატარა პოლიციამ. ამიტომ იყო თავად გახარია ჩამოსული ზუგდიდში. ამიტომ ჰყავდა გადმოსხმული ზუგდიდში წარმოუდგენელი რაოდენობის პოლიცია. სრულიად წარმოუდგენელი ძალადობით, ველურად შემოცვივდნენ გახარიას მიერ დაგეშილი ზონდერები. მე ამ ადამიანებს ნამდვილად ვერ დავარქმევ პოლიციელებს, რომლებიც მათ შორის, ხშირ შემთხვევაში იყვნენ სამოქალაქო ფორმაში,“ – ამბობს თინა ბოკუჩავა.
კომენტარები