ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერსა და ცესკოს თავმჯდომარეს იბარებს – მამუკა ბახტაძეს და თამარ ჟვანიას საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის შესაბამისად ელოდებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას უკვე დათანხმდა თამარ ჟვანია. ცესკოს თავმჯდომარემ დეპუტატების მოწოდებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„ჩვენი მთავარი შეკითხვა იქნება ის თუ რატომ არის საარჩევნო კომისია პასიური, რატომ არ რეაგირებს იგი დარღვევებზე და უფრო მეტიც, რატომ ხდება იგი ამ დარღვევების თანამონაწილე და რატომ გადაიქცა საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” დამატებად და მისი საარჩევნო შტატის წევრად,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მივა თუ არა პარლამენტში მამუკა ბახტაძე ჯერჯერობით უცნობია. პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.
„საინტერესოა ბოლო წლების განმავლობაში, როგორ ხდება დაფინანსება საჯარო სექტორში. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. სიპებს და აიპებს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია თავმოყრილი და საკმაოდ დიდი თანხები გადის. დარწმუნებული ვართ, რომ მთავრობის წევრები და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი მოვა პარლამენტში და ამ კითხვებს გასცემს პასუხს,“-აცხადებს გიგი წერეთელი.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატებიც ამბობენ, რომ კითხვები ცესკოს თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან არსებობს. პრობლემას კი საარჩევნო გარემო წარმოადგენს.
„თუ ჩვენ არ გვინდა განმეორდეს რაიმე სხვა ტრაგედია ზუგდიდში და არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიანად, დემოკრატიულად და ხალხის ნება იქცეს კანონად, ეს პროცესი გამჭვირვალე პროცესად უნდა ვაქციოთ და კითხვები არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ არამედ ყველას უნდა ჰქონდეს არა მარტო ცესკოს თავმჯდომარესთან მიმართებაში, ასევე მთავრობასთან მიმართებაში,“-ამბობს გედევან ფოფხაძე.
პრემიერის და ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტში მისვლაში პრობლემას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა თუ კითხვები არსებობს, ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.
„არ ვფიქრობ, რომ არის რაიმე საკითხი, რომლის გამოც განსაკუთრებული აჟიოტაჟი უნდა ატყდეს, თუმცა ყოველგვარი საკითხი კითხვის ქვეშ რომ არ დადგეს და ყველა სახის შეკითხვას, რომ პასუხი გაეცეს, არ უნდა იყოს პრობლემა წარდგეს პარლამენტში ქალბატონი თამარი. ასევე როდესაც საუბარია მთავრობის წევრზე, რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ იქნება იმის, რომ პრემიერ-მინისტრი წარდგეს პარლამენტის წინაშე და ისაუბროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომენტარები