ამომრჩევლის მოსყიდვა და საბიუჯეტო რესურსების გამოყენება – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევას იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ მმართველმა გუნდმა ხმები იყიდა, პრემიერი არ ეთანხმება.
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას მმართველმა პარტიამ, მაინც გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ქმედებას მსგავს შეფასებას მისცემენ.
“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს შეფასებას მისცემენ ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში თუ არა. ბუნებრივია ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენ გვაქვს ჩვენი დაპირებები ამ დაპირებებს პირნათლად შევასრულებთ,“-აცხადებს ბახტაძე.
დედაქალაქის მერი კი სამოქალაქო საზოგადოების კვლევის შეფასებისას ცინიკურ კომენტარს აკეთებს. კახა კალაძე ამბობს, რომ ნამდვილად მოსყიდვა იყო ყველა ის საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აქამდე ჩაატარა.
„მე მგონია,რომ ნამდვილად მოსყიდვა იყო. ზოგადად, ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც კი ჩაუტარებია ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო საარჩევნო მოსყიდვები,“ -ამბობს კახა კალაძე.
“ახალგაზრდა იურისტები” კანონდარღვევად თვლიან ბიძინა ივანიშვილის დაპირებას სამების ეკლესიის სრულად მოხატვასა და სოფელ ხიბულაში ადგილობრივებისთვის გაზიფიცირების, წყლისა და გზის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.
კომენტარები