„ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ეკონომიკის და სოციალურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს,“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ბექა ნაცვლიშვილი „ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები.
ბექა ნაცვლიშვილი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ან ეკონომიკური აფეთქება მოხდეს.
„ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა ამასთან დაკავშირებით იყო, დღესაც არის და ყოველთვის იქნება, იმიტომ, რომ ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ეკონომიკის და სოციალურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ეს ცხადია. მე პირველი ვიყავი თითქმის, რომელმაც უმრავლესობა დატოვა, ეს იყო 6 თვის წინ, დაახლოებით, როდესაც ვთქვი თავიდანვე, თუ ჩემ მიერ წარმოდგენილ 4 რეფორმას არ დაუჭერდა მხარს უმრავლესობა, მე დავტოვებდი უმრავლესობას. ეს აზრთა სხვადასხვაობა ცხადი იყო მაშინაც. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, ფორმა გაინტერესებთ ოპონირების როგორი იქნება? დამერწმუნეთ ბევრად უფრო მწვავე იქნება, ვიდრე ვინმე შეძლებს ამ პარლამენტში,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ბექა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ დატოვებამდე ამბობდა, რომ თუ მისი თანაგუნდელები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენილ სიას მხარს დაუჭერდნენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყოფოდა. ამას გარდა, ნაცვლიშვილმა საპენსიო რეფორმა დაასახელა გუნდთან მთავარ წყალგამყოფად.
კომენტარები