საკანონმდებლო ორგანოში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან. კობა გვენეტაძეს პასუხის გაცემა კვლავ “თიბისი ბანკის” საქმესა და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით მოუწევს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კანონმდებლების წინაშე დღეს უკვე მეორედ წარდგება. კობა გვენეტაძე სასესიო მოსმენაზე გასულ კვირასაც იმყოფებოდა, თუმცა იმის გამო, რომ საკითხების განხილვა სრულად ვერ მოხერხდა, სხდომა დღეს გაგრძელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ამბობს, რომ გვენეტაძემ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. სწორედ ამიტომ კაკულიასთვის გაუგებარია, რატომ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უარი კომიტეტის ფორმატში მისვლაზე.
მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს თავის პოზიციის დასაცავად საკმარისი არგუმენტები და საკომიტეტო მოსმენაზე ამ საკითხზე საუბრისგან თავის შეკავება, არასწორი იყო.
კაკულიას შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებამ „პოლიტიკური აჟიოტაჟი“ გამოიწვია.
„თიბისი ბანკთან დაკავშირებით ჩვენი შეკითხვა იყო ერთადერთი – რა იყო აქ ისეთი, რომელიც არ შეიძლებოდა გაჟღერებულიყო საკომიტეტო მოსმენაზე და მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ის პრინციპში ის თავის პოზიციაში საკმაოდ მყარად არის. მაგრამ ის არგუმენტები, რაც მას ჰქონდა, ამის წარმოდგენა თავისუფლად შეიძლებოდა საკომიტეტო ფორმატშიც და ამდენი აჟიოტაჟი, რომელმაც ჩემი აზრით, უბრალოდ დაგვაზიანა არ მოხდებოდა, როდესაც მას ყველა ეს არგუმენტი ჰქონდა, რომელი გუშინ ძალიან კარგად ჩანდა,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.
რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს, რომან კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღეს, თუმცა მისივე განცხადებით, დღევანდელი შედეგი გონივრულად უნდა გაანალიზდეს.
„რაც შეეხება თვითონ რეგულაციებს, რეგულაციების მიღების მომენტშიც იყო გასაგები, რომ ცხადია ამას არ მოჰყვებოდა 100-პროცენტიანი დადებითი პროგრესი ყველა მიმართულებით იმიტომ, რომ ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილების უკანაც საზოგადოებრივი დაკვეთა იდგა პრინციპში მაშინ, მაგრამ უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, გონივრულად და დაზღვევა ამ ადამიანების, რომელიც შედეგად მოჰყვება ამ რეგულაციებს, არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენ ისეთი ტიპის ეკონომიკური შემცირების ფასად, რომელმაც შემდეგ გააუფერულოსაღნიშნული ჩანაფიქრი,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.
კომენტარები