ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები და სოციალური მუშაკების პროტესტი – საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს ელოდებოდნენ, სერგეენკოს მოადგილე მივიდა. დღევანდელ სხდომაზე, სოციალური მუშაკების მოთხოვნებზე და არსებულ ვითარებაზე უნდა იმსჯელონ.
უცნობია რატომ არ მივიდა დავით სერგეენკო პარლამენტში, მაშინ როდესაც ვითარება კრიზისულია და სოციალური მუშაკები უკვე მეხუთე დღეა, გაფიცულები არიან.
გუშინ მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხმება მხოლოდ ნაწილზე შედგა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, რომელიც ხელფასების მატებას ეხება.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად დღეს სოციალური მუშაკებიც მივიდნენ.
„ჩვენ დღემდე არ მიგვიღია პასუხი იმაზე, ფსიქოლოგის დამატება მოხდება თუ არა და როცა ვითხოვთ ყველა ბავშვისთვის ფსიქოლოგის სერვისს, ჩვენი პასუხი არის ის, რომ ერთ ფსიქოლოგს ამატებენ, ისიც თბილისში, რაც არ არის, რასაკვირველია, საკმარისი, თან მინიმალურ საბაზისო მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ბენეფიციარების,“ – ამბობს სოციალური მუშაკი, ქეთი ხუციშვილი.
პოზიციას არ ცვლის ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრის მოადგილე სოც.მუშაკების განცხადებების პასუხად ამბობს, რომ ხელფასის მატება 2020 წლიდან მოხდება.
„ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით, 800 ლარიდან 1200 ლარამდე ეზრდებათ სოციალურ მუშაკებს 2020 წლის პირველი იანვრიდან,“ – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
კომენტარები