TBC ბანკის საქმე და მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადებები. “ევროპული საქართველო” პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციის წევრებმა კომისიის შექმნის მიზნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია ახსნა განმარტებებისთვის პარლამენტში უნდა გამოცხადდეს. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, რადგან TBC ბანკი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია და გარდა ამისა, ის უკავშირდება ანაკლიის პორტის პროექტს.
მისივე თქმით, ხაზარაძის მიერ შს მინისტრის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სცილდება კონკრეტული ბიზნესის საქმეს და ის ასახავს ქვეყანაში არსებულ დანაშაულებრივ სურათს, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი.
„ ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან “თიბისი” ბანკი წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ამიტომ თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის შედეგი. მეორე – ბრალდებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისგან წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი თანამდებობის და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ბრალდებები, რომელიც გუშინ იყო, სცილდება “თიბისი” ბანკის თემას, სცილდება კონკრეტული ბიზნესმენების თემას და წარმოადგენს ძალიან მძიმე სურათს ქვეყანაში სისტემური დანაშაული, რომელშიც ჩართული არიან უმაღლესი თანამდებობის პირები,“- ბაქრაძე.
კომენტარები