არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მართავდეს და ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინა ბოკუჩავამ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე, TBC ბანკის დამფუძნებლის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებას, სადაც მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ შს მინისტრი მას ემუქრებოდა, მწვავე დებატები მოჰყვა.
თინა ბოკუჩავას თქმით, გიორგი გახარიამ წერილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაწერა და ის უბრალოდ, მის ნაკარნახევს ასრულდება. „ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.
„არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მართავდეს და ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი. საკუთარი ზურგით და საკუთარი იმედით დაწერა ეს შანტაჟის მესიჯი? როდესაც მან დააშანტაჟა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის ერთ-ერთი მფლობელი. რა თქმა უნდა, მან ეს დაწერა ივანიშვილის ზურგით და მეტიც, ივანიშვილის კონკრეტული დავალებით. ამ შემთხვევაში, გახარია იყო მხოლოდ და მხოლოდ მესინჯერი, ის იყო მხოლოდ და მხოლოდ შიკრიკი და მან ეს გზავნილი უბრალოდ მიიტანა, რომლის ავტორიც რეალურად იყო ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, რომლის შიშითაც, სწორედ თქვენ დღეს ხმას ვერ იღებთ,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გუშინ გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.
ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.
ბრალდებები უარყო შინაგან საქმეთა მინისტრმა.
კომენტარები