საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმების მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ეუთოს შემაჯამებელ დასკვნას „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი ეხმაურება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, წერეთელი ამბობს, რომ დასკვნაში საკმაოდ კრიტიკულად არის შეფასებული საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი.
გიგი წერეთლისთვის მიუღებელია საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მოქალაქეებისთვის ვალების განულება, რაც ასევე დასკვნაში მოხსენიებულია, როგორც „ხმის მოსყიდვა“.
„ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მძაფრად კრიტიკული მოსაზრებაა, რაც ეხებოდა პროცესს, რაც ეხებოდა ადმინისტრაციულ რესურსს, რაც ეხებოდა იმ სქემას, რომლითაც ხდებოდა ვალების დაფარვა და ა.შ. რაც არის მიუღებელი სტანდარტი, როგორც აღინიშნა ამ დასკვნაშიც და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ვფიქრობ, რომ არის გამოთქმული მოსაზრებები,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეუთოს შემაჯამებელი დოკუმენტი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.
დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.
ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.
კომენტარები