ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შესაქმნელად თანამოაზრეებთან კონსულტაციებს განაგრძნობს. უკვე ცნობილია, რომ ფრაქციას მმართველი გუნდიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე შეუერთდება. ვინ იქნებიან მისი გუნდის სხვა წევრები, ამას ჯერ-ჯერობით ეკა ბესელია არ აკონკრეტებს.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ზვიად კვაჭანტირაძე არ იქნება ბოლო, ვინც საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს დატოვებს. კითხვაზე, იქნებიან თუ არა შემდეგი მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე, რომელთა მხრიდანაც გაკეთდა მინიშნება, მმართველი გუნდის რიგების შესაძლო დატოვებაზე, ბესელია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ისინი თავად მიიღებენ.
მისივე თქმით, მხოლოდ ფრაქცია არ იქნება მისი მუშაობის მთავარი მიმართულება და დღეს ყველაფერი ხდება პარლამენტის გარეთ. შეიქმნება თუ არა პარტია, ამ ეტაპზე ეკა ბესელია არ აკონკრეტებს.
„ის, რაც უკავშირდება ახალი ფრაქციის შექმნას ეს კონსულტაციები გრძელდება. ზვიად კვაჭანტირაძეს რაც შეეხება, ზვიადი ჩემი მეგობარი არის, იქნება ჩვენთან ერთად ამ პოლიტიკურ პროცესში. ყველაზე მეტი შეუთავსებლობა მე სწორედ ამ ჯგუფთან მქონდა, როგორც კი ახალი მოწვევის პარლამენტის ფორმირება მოხდა და როგორც კი გამოიკვეთა ვინ რა მიზნით შემოვიდა პარლამენტში და “ქართულ ოცნებაში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
აირჩია კი?!-ასე პასუხობს ეკა ბესელია კითხვას, “რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა ის გუნდი, რომელიც “ქართულ ოცნებაში” საკუთარი მიზნებისთვის არიან მისული.
„მე არ მგონია, რომ ეს არის მისი არჩევანი. თუ ვინმეს ჰგონია და ამით იმშვიდებს თავს ისინი ცდებიან. მე მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვლება. ჩემი კონფლიქტი არ არის უმრავლესობასთან. ჩემი კონფლიქტი არის “ქართულ ოცნებაში” შემოსულ “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებთან. ვინც ასეთად მიიჩნევს თავის თავს მან მიპასუხოს, ვინც ასეთად არ მიიჩნევს თავის თავს, ის დამშვიდდეს და ნუ დაიღლება ჩემთან ოპონირებით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომენტარები