ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, აპირებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ოფიციალური წერილობითი განცხადებით მიმართოს.
სამადაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განხილული უნდა იქნეს ყველა დეტალი. მისივე განცხადებით, სხდომას უნდა დაესწრონ როგორც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ასევე ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები.
„დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში ნათელი გახდა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ ქმედებასთან, რომლის სამიზნე არის არა მხოლოდ თიბისი ბანკი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის და თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ანაკლიის პორტი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო სამიზნეს წარმოადგენს სწორედ ანაკლიის პორტი. ამ პროექტის ჩაშლის მცდელობას უკვე დიდი ხანია ეწევა რუსეთი და საქართველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოს პარლამენტს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რა საფრთხე ემუქრება დღეს ანაკლიის პორტს.
“მე მივმართავ ოფიციალურად წერილობით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საგანგებო სხდომა ანაკლიის პორტის თემაზე, სადაც გამოცხადდებიან როგორც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები და საჯაროდ, პარლამენტში განხილული იქნება ის დეტალები, რომელიც უკავშირდება ამ პროექტის მომავალს, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან. ამ სტრატეგიული ინტერესების დაცვა არის პარლამენტის და ყველა კომიტეტის პირდაპირი ვალდებულება და თუ ამ კომიტეტის მოწვევაზე უარს იტყვის საპარლამენტო უმრავლესობა, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ დღეს საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის პარლამენტი ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს, მათ შორის, როგორც ჩანს, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას, ან მითვისებასაც,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კომენტარები