“ფრიდომ ჰაუსი” საქართველოს შესახებ დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის დასაწყისშივე ნათქვამია, რომ ბოლო წლებში დემოკრატიის პროგრესი შეფერხებულია და ოლიგარქ აქტორებს უდიდესი გავლენა აქვთ პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე. კანონის უზენაესობას კი კვლავ აბრკოლებს პოლიტიკური ინტერესები. დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა არჩევნების საკითხს და წერია, რომ პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე, უმეტესად მმართველი პარტიის მიერ. საუბარია ასევე გავრცელებულ ცნობებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების უბნებთან სიებით მორიგეობის შესახებ, რაც ქმნიდა დაშინების გარემოს. ყურადღება გამახვილებულია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის საკითხზეც.
ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე: “არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით, რომელსაც არ აქვს საჯარო სამსახური, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებების მიღებაში,”-წერია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია სიტყვის თავისუფლებასა და პლურალიზმზეც. მოყვანილია “რუსთავი 2”-ის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ.
ანგარიშში მოხვდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეც, მაღალჩინოსნების შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უსაფრთხოებასთან და მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონმდებლობა, შავი ზღვის უნივერსიტეტის თემა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
კომენტარები