თბილისის საბავშვო ბაღებში არსებული სერიოზული პრობლემების მიუხედავად, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კითხვებს გაურბის. კახაბერ გვანცელაძე, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე მიიწვია, თვითმმართველობის ორგანოში არ გამოცხადდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელს არ აქვს იმ მწვავე კითხვებზე პასუხები, რომელიც ბაღებში კვებას და რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტებს უკავშირდება.
“ვიცით, რომ ახალდანიშნული დირექტორის ბაღში პიროტექნიკა აფეთქდა, მაგრამ ეს დირექტორი კვლავ იკავებს თანამდებობას. ვიცით რომ ერთ-ერთი ბაღში “ბარიგობაზე” დააკავეს ერთი თანამშრომელი.
საკადრო მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამს ეს ადამიანი ეს გვაინტერესებს. მეორე – შეკითხვები ეხება 60 ათასი ბავშვის კვებას, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პროდუქცია შეაქვთ, სერთიფიკატი რომ არ აქვს ისეთი პროდუქცია შეაქვთ დღესაც, ამ კითხვებზე პასუხის გვინდოდა მოგვესმინა, სამწუხაროდ იმალება ეს ადამიანი,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სხდომის თარიღი კახაბერ გვანცელაძესთან შეთანხმებული არ ყოფილა.
კომენტარები